1 აპრილი, 2016

“ვიღებ პასუხისმგებლობას თითოეულ სიტყვაზე”

misha-charkviani1ახალგაზრდა რეჟისორი მიშა ჩარკვიანი საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობას იღებს.

მიშა ჩარკვიანი:

“სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს მიერ თქმულ თითოეულ სიტყვაზე და ამ ყველაფერთან არც ახალგაზრდულ თავქარიანობას და არც დემონიზაციას არავითარი კონტაქტი არა აქვს.

ვთვლი, რომ თეატრის და კინოს უნივერსიტეტი არის დაბალკვალიფიციური, მოძველებული სასწავლო დაწესებულება, რომელიც განახლებას საჭიროებს.

ვერავინ მომედავება იმაში, რომ თეატრალურს სჭირდება თანამედროვე სახელოვნებო ლიტერატურის ახალი თარგმანები, გაცვლითი პროგრამები, ახალი მეთოდები, ვიდეოთეკა, ბუფეტი, საშხაპეები და რა ვიცი ათასი სხვა ელემენტარული პირობა.

თემურ ჩხეიძე რომ შეუდარებელი პედაგოგია, ეს არ არის თეატრალურის დამსახურება, პირიქით, თემურ ჩხეიძის დამსახურებაა, რომ თეატრალურში რაღაც საინტერესო ხდება, რომ მისი სტუდენტები შესანიშნავად თამაშობენ ადამიანებს და არა კარიკატურებს, როგორც ეს პედაგოგების უმრავლესობის შემთხვევაში ხდება.

ის ვინც ჩემს პოზიციას ახალგაზრდულ ხუშტურად აღიქვამს, უბრალოდ არაა მზად დიალოგისთვის და თვალს ხუჭავს იმ სავალალო რეალობაზე, რომელიც დღეს შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს უნივერსიტეტში სუფევს.

ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მირჩევნია ჩემზე გაბრაზდეს ბევრი ადამიანი, რადგან რეჟისორობა მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად არ ამირჩევია.”