27 აპრილი, 2016

„ტოსკა“ ქართულ საოპერო სცენაზე ბრუნდება

tosca123ჯაკომო პუჩინის „ტოსკა”, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოპერა მსოფლიოში, ქართულ საოპერო სცენაზე ბრუნდება.

პირველად ეს ნაწარმოები თბილისში 1904 წლის 5 თებერვალს აჟღერდა და მას შემდეგ „ტოსკას“ რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული დადგმა განხორციელდა ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით.

ამჯერად “ტოსკა” ბათუმში აჟღერდება. ქალაქში, სადაც 20 წელზე მეტია საოპერო დასი არსებობს, პუჩინის ეს ნაწარმოები პირველად შესრულდება. ადგილობრივი სოლისტები აქტიურად მუშაობენ იტალიელ დირიჟორ მაუტიციო ჩამპისთან, ოპერის დამდგმელი რეჟისორია გერმანელი ჰანს-იოაჰიმ ფრეი.

საპრემიერო წარმოდგენები 15-18 მაისს გაიმართება და საზღვარგარეთ მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ სოლისტებთან ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანისთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა გუნდი.

სპექტაკლს სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრება ქართველი საოპერო დივა, “ტოსკას” ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოში, ცისანა ტატიშვილი. ბათუმის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ჯახუტაშვილის მიწვევით, პრემიერაზე ბათუმში ელოდებიან საოპერო სცენის კორიფეებს მედეა ამირანაშვილს, მაყვალა ქასრაშვილს, პაატა ბურჭულაძეს, ლადო ათანელს, თამარ გურგენიძეს, ანიტა რაჭველიშვილს, თენგიზ მუშკუდიანს, ელდარ გეწაძეს, თამარ ივერს, მზია ნიორაძეს, ელისო ბოლქვაძეს და გამოჩენილ რეჟისორებს, დირიჟორებს, მუსიკისმცოდნეებს…