5 აპრილი, 2016

თემურ თათარაშვილი იუბილეს კონცერტით აღნიშნავს

temur-tatarashvili127 აპრილს ცნობილ ქართველ მომღერალს თემურ თათარაშვილს 50 წელი უსრულდება. მომღერალი უკვე 36 წელია სცენაზეა. ამ ორ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით გრანდიოზული საიუბილეო საღამოსთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თემურ თათარაშვილი ქართველი მსენელის წინაშე მეგობრებთან ერთად წარსდგება. აჟღერდება მონატრებული სიმღერები და შედგება მონატრებული შეხვედრა საყვარელ მსმენელთან. მომღერალი თავისი შემოქმედების განვლილ გზას კიდევ ერთხელ გაიხსენებს და გრანდიოზულ საღამოს შესთავაზებს საზოგადოებას.

კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, დირიჟორი მირიან ხუხუნეიშვილი და ბენდი პაატა ანდრიაძის, ზაზა ცერცვაძის, ლევან დეისაძის, უჩა მეტრეველის და ირაკლი მენთეშაშვილის შემადგენლობით.

საიუბილეო საღამოზე იმღერებენ თემურ თათარაშვილის მეგობრები. შესრულდება ცნობილი კომპოზიტორების ძველი და ახალი სიმღერები. საზოგადოებას ორგანიზატორები სიურპრიზებით სავსე ღონისძიებას ჰპირდებიან.

კონცერტი ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
კულტურის პალატის მიზანია კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ხელოვანების, საზოგადო მოღვაწეების თანადგომა და მხარდაჭერა. პალატა ქართველი საზოგადოებისათვის მრავალ საინტერესო საღამოს, კულტურულ პროექტებსა და ფესტივალებს გეგმავს.

თემურ თათარაშვილის საიუბილეო საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება.