5 აპრილი, 2016

კულტურის სამინისტროს უარი ჯაბა ბოჯგუას

1jaba123საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა კომაში მყოფი მომღერლის ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად დაგეგმილი საქველმოქმედო სატელევიზიო კონცერტ-მარათონის დაფინანსებაზე.

ინფორმაცია ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ გაავრცელა:

“საქართველოს კულტურის სამინისტრომ, საქართველოს კულტურის და ხელოვნების განვითარების ფონდს უარი უთხრა, მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად დაგეგმილი საქველმოქმედო სატელევიზო კონცერტ-მარათონის ნაწილობრივ დაფინანსებაზე…”

ჟურნალისტმა საზოგადოებას წარუდგინა ოფიციალური წერილი კულტურის სამინისტროდან, რომელსაც ხელს კულტურის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი აწერს.

ბესო ჩუბინიძის თქმით, წერილში არ ეწერა უარი მიზეზი:

“არ ეწერა მიზეზი, სავარაუდოდ, რობი უილიამსია ჩამოსაყვანი საქართველოს (!) დამოუკიდებლობის დღისთვის და ჰონორარი კოწიწდება ალბათ.”

“არტინფო” კახა კანდელაკს დაუკავშირდა, რომელმაც უარის მიზეზი განმარტა:

“ბოლო კომისიაზე იქნა განხილული და, სამწუხაროდ, ვერ დაფინანსდა, კვარტალში თანხების ამოწურვის გამო. ჯაბას დასახმარებელი საქველმოქმედო კონცერტი შარშან დააფინანსა სამინისტრომ, მაშინაც განმცხადებელი იყო ბატონი ბესო ჩუბინიძე.”