Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კულტურის მინისტრი ბრალდებებს პასუხობს

17 აპრილი, 2016

1mixeil-giorgadzeსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მისი უწყების და კონკრეტულად მისი პიროვნების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს.

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ კრიტიკა და ბრალდებები ყველა ზღვარს სცილდება და კამპანიურ ხასიათს იღებს.

მიხეილ გიორგაძე:

“ბრალდებები, რომელიც ჩემი და ჩემი სამინისტროს მისამართით ისმის, ყველა ზღვარს სცილდება და კამპანიურ ხასიათს იღებს. ლეიტმოტივად ყველა ამ ბრალდებების და პრეტენზიების, რომელიც ისმის ჩემი და სამინისტროს მიმართ, გასდევს ჩემი ყოფილი საქმიანობა. არაერთხელ მომისმენია ისეთი ტერმინი, როგორიც არის ჯაზის მინისტრი, სხვათა შორის, საკმაოდ მოხერხებული ტერმინია, კარგად მოფიქრებული და აუცილებლად გამოვიყენებ, როდესაც კულტურის მინისტრი აღარ ვიქნები.

არაფერს დამატებით ამ მიმართულებით სამინისტრო რასაც ჩემამდე აკეთებდა, ნამდვილად არ აკეთებს, პირიქით, ხელოვნების და კულტურის ყველა სფეროში ძალისხმევა არის გაათმაგებული და ბევრად უფრო მეტი ინიციატივა არის სხვადასხვა მიმართულებით. მემკვიდრეობა იქნება, სადაც გნებავთ ბიუჯეტის მხრივ, გნებავთ რეაბილიტირებული ობიექტების მხრივ რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, ეს იქნება ფოლკლორი, რომელიც ასევე თავისი მასშტაბით უპრეცედენტო პროგრამით ყველა რეგიონში ხორციელდება, იგივე სალოტბარო სკოლების გახსნა, იქნება ეს კინო, მუსიკალური ფესტივალები, მათ შორის, არაერთი კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ეს იქნება თეატრი… ეს ბრალდებები ნამდვილად უსამართლოა და ყველა ზღვარს არის გადაცილებული.

პროექტი “ჩექ ინ ჯორჯია” არის ბევრად მეტი, ვიდრე რამდენიმე კონცერტი საერთაშორისო ვარსკვლავების მონაწილეობით, ეს არის ბევრად მეტი, არა 60 კონცერტი როგორც გაჟღერდა, არამედ 150-ზე მეტი კონცერტი ამ პროგრამის ფარგლებში აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ბევრად უფრო კომპლექსურია და მასშტაბები ნამდვილად უპრეცედენტოა.

ალბათ საკამათო არ არის, რომ დიდი ვარსკვლავების ჩამოსვლა საქართველოში ქვეყნის ცნობადობას და პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას ხელს უწყობს. ტურისტების და ინვესტორების ყურადღებას იქცევს ქვეყანა, ეს გზავნილია მათთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოა და ის მზად არის ამ დონის შოუები ინფრასტრუქტურულად განახორციელოს. ეს ტრადიციული პროექტი გახდება და ბევრად უფრო მასშტაბური იქნება.

როდესაც თანხაზეა ლაპარაკი, არაერთხელ გვითქვამს, რომ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რათა მათი მონაწილეობით მაქსიმალურად შევამციროთ ბიუჯეტზე დაწოლა და ეს არ იყოს სპონტანურად მოფიქრებული პროექტი. საპილოტო ვერსია შარშან განხორციელდა, რომელიც “ჰით ბათუმის” პროგრამად არის ცნობილი. აქ საუბარი იყო ხელშესახებ შედეგებზე და დიახ, ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძალიან კონკრეტული ფინანსური და ეკონომიკური სარგებლის მომტანია ასეთი გააქტიურებული კულტურული კალენდარი. როცა შევადარეთ 2015 წლის ივლისი 2014 წლის ივლისთან, 54 მილიონი იყო მატება შემოსავალი, როდესაც ამ პროგრამაზე ჯამში 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

“ჩექ ინ ჯორჯია”-ზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, რადგან ასეთი მასშტაბური ღონისძიებების და ამ დონის ვარსკვლავების კონცერტების დაგეგმვა ერთი და ორი თვით ადრე არ ხერხდება.

ნებისმიერ კავშირებზე საუბარზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ისეთ კავშირებზე, სადაც რამდენიმე ბიჯი გჭირდება იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანები ერთმანეთს დააკავშირო, ის თუ განხორციელებული პროცედურები კანონის მოთხოვნის დაცვით ჩატარდა. ის არგუმენტი, თითქოსდა ტენდერის პირობები ბუნდოვნობასთან არის დაკავშირებული, სუსტია, იმიტომ რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურვილი აქვს ნებისმიერ ტენდერში მონაწილეობა, შეუძლია ძალიან მარტივად – დააზუსტოს პირობები, დასვას შეკითხვები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი მომართვა საერთოდ არ ყოფილა. მით უმეტეს, რომ კონკურენტი კომპანიის წარმომადგენელი როცა კომენტარს აკეთებდა, ამ კომპანიასთანაც დიდი თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათ შეეძლოთ დაზუსტება გაურკვეველი პირობების, ძალიან კარგი და დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს მის ხელმძღვანელს ჩემთანაც და ფონდთანაც, ამიტომ ეს არგუმენტი ძალიან სუსტია. თუ განხორციელებულ პროცედურებთან კითხვის ნიშანი არ არსებობს და ნამდვილად არ არსებობს, იმიტომ რომ კანონის სრული დაცვით იყო ჩატარებული ეს ტენდერი, მაშინ ყველანაირ სერიოზულობას ეს პრეტენზიები კარგავს.

ცოტა დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია ისთერნ პრომოუშენი, იმიტომ რომ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ყველაზე დიდ სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებდა სწორედ ეს კომპანია. დღეს არც ერთ კონკურსში, არც ერთ ტენდერში ის მონაწილეობას აღარ იღებს, რომ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით გაჟღერებული აღარ იყოს ბრალდებები ეთერში თუ სოც-ქსელში. დეზინფორმაციაა ჩვენი საზოგადოების, რომ “ჩექ ინ ჯორჯია”-ს მთელმა ბიუჯეტმა უნდა გაიაროს ჩემთან დაკავშირებულ კომპანიაში, ესეც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება.

ეს არ არის უბრალოდ კულტურული ღონისძიებები, ეს ბევრად უფრო ეკონომიკური და ბიზნესპროექტია, ვიდრე კულტურული პროექტი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში გაჭირვებაზე, დიახ, ნამდვილად პრობლემები არის ქვეყანაში და ნამდვილად უჭირთ ადამიანებს, მაგრამ იგივე ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა, მაშინ საერთოდ რატომ ვხარჯავთ ფულს კულტურაზე?

კულტურის სამინისტრომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მოგვარებულა. არაერთი მილიონი ლარი მიმართულია თეატრალური უნივერსიტეტის აღდგენაზე, სამხატვრო აკადემიის, ნიჭიერთა ათწლედის, ჭაბუკიანის სასწავლებლის, თოჯინების თეატრის აღდგენაზე. ნამდვილად ვერ მივიღებ საყვედურებს, რადგან ყველა მიმართულებით ენერგიული მუშაობა მიმდინარეობს, აქ საუბარი არ არის გეგმებზე ან სურვილებზე, ჩვენ კონკურეტულ გეგმებს ვა ხორციელდებთ,” – განაცხადა კულტურის მინისტრმა გიორგი გაბუნიასთან სტუმრობისას.