7 აპრილი, 2016

კოტე თოლორდავას მშობლიურ თეატრში გაიხსენებენ

1koteთეატრისა და კინოს მსახიობს კოტე თოლორდავას მშობლიურ თეატრში გაიხსენებენ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი გასული წლის 11 აპრილს რუსეთში ტრაგიკულად დაიღუპა.

11 აპრილს 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება მსახიობის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლის „ღამე და თუთიყუში“ ჩვენება. ეს ის სპექტაკლია, სადაც კოტე თოლორდავას უნდა ეთამაშა, მაგრამ ვერ მოასწრო.

14:00 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრები, კოლეგები, მეგობრები კოტე თოლორდავას ოჯახთან ერთად საბურთალოს სასაფლაოზე შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ მსახიობის ხსოვნას.

კოტე თოლორდავამ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში არაერთი საინტერესო სახე შექმნა სპექტაკლებში: მურტალო ოთარ ბაღათურიას სპექტაკლში „კუკარაჩა“, კაპულეტი ლევან წულაძის სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა“, წამყვანი ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლში “სევილიელი დალაქი“, ვიქტორი დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში „ირინეს ბედნიერება“.

მისი ბოლო როლი აღმოჩნდა ცნობილი მეზღაპრე იაკობ გრიმი, რომელიც დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში „პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი“ ითამაშა.