საქართველოს საპატრიარქოს მიერ წმინდანად შერაცხული საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის დაწყება, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში დაანონსდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის სახლ-მუზეუმი ინგრევა და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში საპროტესტო აქცია გაიმართება. 26 აპრილს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში შეიკრიბებიან ის ადამიანები, რომლებისთვისაც მუზეუმის მდგომარეობა სულერთი არ არის.
“ერთად მოვითხოვოთ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია!” – ასეთი მოწოდებით გამოდიან აქციის ორგანიზატორები და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:
“მუზეუმი ინგრევა! განსაკუთრებული მწუხარებით უნდა წარმოგიდგინოთ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში არსებული ქართველი თანამედროვე წმიდანის, XIX საუკუნის 60-იანი წლების საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ყიფიანის სააგარაკოდ აგებული სახლ-მუზეუმი. მუზეუმის ფონდებში დაცულია დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, ხელნაწერები, წერილები, ფოტომასალა, აგრეთვე ყოფისა და ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
ამას გარდა ეს სასახლე წლების მანძილზე ქართველ მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, აქ იწერებოდა და იქმნებოდა ქართული კლასიკური ლიტერატურა ჩვენი სახელოვანი მწერლების მიერ, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებდნენ ქვიშხეთში. მუზეუმი, როგორც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი 1990 წელს გაიხსნა, თუმცა დღეს მისი მდგომარეობა მეტად სავალალოა.
რჩება შთაბეჭდილება, თითქოს აქ ყოველივეს ყველამ ზურგი აქცია და დღემდე არავის მოუცლია, ალბათ სხვა პრობლემების გადაჭრას ცდილობენ და მუზეუმის არსებობა არარსებობის საკითხი მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ, მცირე ჯგუფს თუ ადარდებს.”