Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

VARLAM-NIKOLADZE1ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზურაბ სიხარულიძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. მან, თავის დროზე აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეჟისორი გოჩა კაპანაძე შეცვალა. მისი წასვლის შემდეგ კი, კულტურის სამინისტროში არსებულმა სპეციალურმა საბჭომ შეარჩია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს დასამტკიცებლად ვარლამ ნიკოლაძის კანდიდატურა წარუდგინა.

თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლები ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამშაბათს ელოდებიან.

ვარლამ ნიკოლაძეს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს. მისი შესრულებული ზურაბის როლით ფილმში “ზოგი ჭირი მარგებელია”. თეატრის მოყვარულთა წრეს ახსოვს მისი დაარსებული, მსოფლიოში უპრეცედენტო თეატრი “ექო”, სადაც სმენადაქვეითებული და უსინათლო მსახიობები იდგნენ სცენაზე და თავისი თამაშით აოცებდნენ არა მარტო ქართველ მაყურებელს… საქართველოში იციან, რომ ეს მრავალმხრივი ნიჭის ხელოვანი “ნიკოლშოუს” ბიჭების მამაა…

ვარლამ ნიკოლაძე თურქეთის რესპუბლიკაში 25 წელი ცხოვრობდა, მაგრამ სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. მას არაერთ თურქულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთ-ერთია ძალიან პოპულარული თურქული სერიალი “ეზელი” და მიუხედავად იმისა, რომ სერიალში ვარლამ ნიკოლაძე ეკრანზე არცთუ დიდი ხნით რჩება, ქართველმა მაყურებელმა მაინც სიხარულით მიიღო მისი გამოჩენა.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ვარლამ ნიკოლაძე, არაერთი თეატრის რეჟისორი იყო, როგორც საქართველოში ასევე თურქეთის რესპუბლიკაში. ის იყო საქართველოს ტელევიზიის თეატრალურ და მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი, ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი, თბილისის მუსკომედიის და გრიბოედობის თეატრების მთავარი რეჟისორი, ასევე, თბილისის თეატრ „ექოს“ მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ხელოვნების სკოლის ბავშვთა მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. თურქეთის რესპუბლიკაში მან, ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დააარსა და იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, თურქეთის სახელმწიფო თეატრების სამმართველოს კონსულტანტი და დამდგმელი რეჟისორი, ქალაქ იზმირის „9 სექტემბრის“ სახელობის უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის დოცენტი, ქალაქ ანკარას ბილვენტის უნივერსიტეტის თეატრალურის ფაკულტეტის კათედრის გამგე, სტამბოლის ბალტეპეს უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის კათედრის გამგე და ქალაქ იზმითის თეატრალური უმაღლესი სასწავლებლის კათედრის გამგე.