22 აპრილი, 2016

“აქეთ მოიხედე, კულტურის სამინისტრო!!! პატრონი არ გყავთ?”

jurnalebi1თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი კულტურის სამინისტროს საჯაროდ აკრიტიკებს და განმარტებებს მოითხოვს.

ლაშა ჩხარტიშვილი:

“ოე, აქეთ მოიხედე, კულტურის სამინისტრო!!!

თქვენ მართლა პატრონი არ გყავთ? ან სად ხართ? საით ხართ, რა გინდათ და რისთვის ხართ? რით ვერ ჩამოყალიბდით და გაერკვიეთ რა გჭირდებათ, ან რა ფუნქცია უნდა გქონდეთ?!!!

ხელში მიჭირავს კულტურის სამინისტროს უშუალო ბეჭდვითი ორგანო „კულტურა PLUS“ (დაგეწვათ ფანტაზია) ერთდროულად ორი სხვადასხვა ნომერი, რომლის სარედაქციო ჯგუფს (5 წევრისგან შედგება) არ ვიცნობ (ეს ჩემი პრობლემაა, მე ვარ დამნაშავე, მერე რა, რომ 18 წელია კულტურის სფეროში ვარ და ამ ხალხს არსად გადავყრილვარ), მაგრამ ის მაინც ხომ შეიძლება ვიცოდე რა პრინციპით, რა დამსახურებით ჩააბარეს ამ ხალხს ჟურნალი ამბიციური სახელწოდებით და მიზნებით (როგორც შესავალ წერილში გაგვიცხადეს) ასე უკონკურსოდ და განსაკუთრებული შერჩევის გარეშე???

კარგი, ჯანდაბას, რა მნიშვნელობა აქვს სარედაქციო ჯგუფს ვიცნობთ თუ არა, მთავარია რა შედეგი დაგვიდეს: და ჰოი საოცრება, 96 გვერდიან ჟურნალში მხოლოდ 13 სტატიაა (მეორე ნომერი ზუსტად იმდენივე გვერდია და 2–ით ნაკლები სტატია), მაგრამ სტატიების შინაარსს ნუ იკითხავთ, მონუმენტური სათაურებითა და მინიმალისტური მშრალი ინფორმაციით, არაფრისმთქმელი და არავითარი სიახლის შემცველი (ოღონდ ამაში ბრალი ავტორებს არ მიუძღვით, მათ ლიმიტი დაუწესეს და რაც შეუკვეთეს იმ მოვლენაზე, პერსონაზე დაწერეს).
ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ ჟურნალი რაც მთავარია, არ აღწერს და არ ხატავს პროცესს, რომელსაც ადგილი აქვს კულტურაში. იქნებ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ჰგონია, რომ კულტურაში პროცესები არ მიმდინარეობს, კი ბატონო, მაგრამ არც ამაზე რომ არ წერს ჟურნალი არაფერს?!

მაინც ვერ ვხვდები და იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი: რისთვის დაარსდა ეს ჟურნალი და რატომ იხარჯება ამდენი ფული?! (ფერადი, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ორენოვანი, მით უმეტეს, როცა მგავსი ტიპის ჟურნალი არაერთი გამოიცემა და არის ბაზარზე. ასე აპირებთ თქვენ დაპირებულ დახმარებას კრიტიკის და კრიტიკული აზრის, პროფესიული ანალიზის განვითარებას? რისთვის არსებობს ეს ჟურნალი? პროცესების ანალიზისთვის, თუ მინისტრის (ან სარედაქციო ჯგუფის) ფავორიტი მხატვრის, ან მუსიკოსის საპიარებლად?

თუ ასე არ არის, მაშინ რა პრინციპით შეარჩიეს სტატიის გმირები? შეიძლება ორი ნომერი გამოვიდეს ჟურნალის, რომელსაც უშვებს კულტურის სამინისტრო და ჰქვია „კულტურა PLUS“ და არც ერთი სტატია ეძღვნებოდეს რომელიმე კონცერტს (კლასიკურს, საესტრადოს…), სამუსიკო ფესტივალს?!

თავის თავის ურჩი როგორ ხარ ამხელა სამინისტრო, საკუთარი პროექტები მაინც გააპიარე, იმაზე მაინც დაგეწერათ, რა გააკეთეთ, რა გახსენით, რა ჩამოაყალიბეთ, ხო გააკეთეთ რაღაც – სახელოსნოები, ფესტივალები… ჩვენ თუ არ დავიჯერებდით, ისტორიას შემორჩებოდა და იქნებ ვინმეს დაეჯერა, რომ რაიმე კეთდებოდა სახეირო.

და ბოლოს, სად ხარ მართლა კულტურის სამინისტრო?! რა დროს „სეზანია“, ყველაზე ძვირადღირებული სტამბა თბილისში (კოსმოსური ფასები), რომელიც წინა ერაში ჩარჩა და დღემდე ჰგონია, რომ მასზე უკეთესად ვერავინ ბეჭდავს თბილისში. არადა, უკვე თბილისის ყველა კუთხეში, ორღობის სტამბებიც კი „სეზანზე“ უკეთეს ხარისხს დებენ!

მაინც ვერ მივხვდი ამ ჟურნალის მიზანს, კურტუმოში პეროსთვის? ნურას უკაცრავად, მაგარი გოიმური ჟურნალია დაწყებული დიზაინით, დამთავრებული სარედაქციო პოლიტიკით!!! ამაზე მოსაწყენს ვერაფერს წაიკითხავს კაცი!”