5 აპრილი, 2016

9 აპრილის ტრაგიკული თარიღი თეატრალიზებული კომპოზიციით გაცოცხლდება

9aprili11989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდთან“ თანამშრომლობით 9 აპრილს გამართავს ღონისძიებას „9 აპრილის ელეგია“.

„ერთად გავიხსენოთ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები, პატივი მივაგოთ ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას, დავდგეთ ერთად და გამოვხატოთ ამ ჟესტით საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ურყევი რწმენა და ამ მიზნით მომავლისაკენ სვლის იმედი. ჩვენ გვინდა და ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახსოვდეს ის ისტორიული მოვლენები, რომლებიც დაკავშრიებულია ეროვნული ნიშნის გამოვლინებასა და სახელმწიფოებრიობის დაცვისა თუ მოპოვების მისწრაფებასთან, ბრძოლასთან და თავგანწირვასთან. უახლეს ისტორიაში, სწორედ ასეთი თარიღია, ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო – 9 აპრილი, დღე რომელმაც განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობა!“

ღონისძიება გაიმართება 9 აპრილს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაღში, მარო მაყაშვილის სკევრში, მისამართზე ლადო გუდიაშვილის ქ. N 7.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის თბილისის თეატრების მსახიობები და მუსიკოს-შემსრულებელები. ისინი წარმოადგენენ სპეციალურად ამ დღისათვის შექმნილ თეატრალიზებულ კომპოზიციას.

შეკრებილი საზოგადოების წინაშე მხატვრული და თეატრალიზებული ფორმით გაცოცხლდება 9 აპრილის ტრაგიკული თარიღი და პერიპეტიები.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.