7 აპრილი, 2016

29 მილიონი მსოფლიო ვარსკვლავებისთვის

varskvlavebi-saqartvelosh1iმსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის მასშტაბური პროექტი იწყება. „Check in Georgia” – ასე ეწოდება კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებს მოიცავს.

პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. „Check in Georgia”-ს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.

პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

წელს, მასშტაბური კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი), “Maroon 5“ (7 ივნისი, ბათუმი).

„Check in Georgia” მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს. პროექტის განხორციელებისთვის 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯება.