29 აპრილი, 2016

ინგა ფერაძე: “არ მინდა სხვაგან სიკვდილი!”

inga-feradze1საქართველოს სახალხო არტისტი ინგა ფერაძე უკვე 13 წელია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. მომღერლის ყველაზე დიდი ოცნება სამშობლოში დაბრუნებაა, თუმცა ამას ვერ ახერხებს.

ინგა ფერაძეს სამშობლოში საცხოვრებელი არ გააჩნია. მან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაზეც კი მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. მიზეზი მისთვის უცნობია.

ახლა მომღერალი ინვალიდის სტატუსით ბრიუსელში ცხოვრობს და საქართველო უზომოდ ენატრება.

ინგა ფერაძე:

“სამშობლოში ვერ ვბრუნდები იმიტომ, რომ არ მაქვს საცხოვრებელი ადგილი, არ მაქვს პირობები, რომ ვიცხოვრო ნორმალურად, როგორც ადამიანს შეეფერება. წამოვედი იმიტომ, რომ საშინელი მდგომარეობა იყო თბილისში.

ჩემი სამშობლოს გარეშე აღარ შემიძლია სიცოცხლე. არ მინდა აქ ყოფნა, არ მინდა სიკვდილი სხვაგან, მინდა ჩემს სამშობლოში, მინდა ჩემს თბილისში, მინდა ჩემს მეგობრებთან ყოფნა. არ შეიძლება როგორმე დამეხმაროთ, რომ წამოვიდე აქედან? ძალიან გთხოვთ! მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, როცა ვმღეროდი, მაგრამ ჩემნაირი სამშობლო არსად არ არის. არ შემიძლია ჩემი სამშობლოს გარეშე და გეხვეწებით, დამეხმარეთ!

ძალიან მიჭირს აქ ყოფნა, მაგრამ ერთადერთი პატარა დიდი ნათელი ის არის, რომ ეკლესიაში ვგალობ უსასყიდლოდ ღვთისთვის.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უარი მითხრა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაზე, აზრზე არ ვარ რა იყო უარის მიზეზი. ბრიუსელში პატარა ბინა მაქვს, რომელიც მომცა სახელმწიფომ დროებით, მაგრამ აქედანაც უნდა წავიდე და არ ვიცი რა გავაკეთო.
აქ ემიგრანტები გაუსაძლის პირობებში არიან და გაუსაძლის პირობებში მუშაობენ. იმასაც ვერ ვიტყვი რაზე მუშაობენ, იმიტომ რომ მერიდება. მე მაქვს ინვალიდის სტატუსი, რადგან აქ დამემართა დიაბეტი, გამიკეთეს 4 ოპერაცია და კიდევ 2 ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, რომ როგორმე დავუბრუნდე სიცოცხლის ნორმალურ რიტმს,” – განაცხადა ინგა ფერაძემ “პრიორიტეტში” სტუმრობისას.