4 აპრილი, 2016

“თუ დაიწყეთ წაკითხვა, ჩაიკითხეთ ბოლომდე!”

roi-abuseridze1ახალგაზრდა პოეტი როი აბულსელიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას კარგად გააანალიზონ მისი წინადადება.

როი აბუსელიძე:

“თუ დაიწყეთ წაკითხვა, ჩაიკითხეთ ბოლომდე!

პირველ რიგში, მივმართავ ჩემს მეგობრებს, მწერლებს, პოეტებს, ლიტერატორებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს (და არა მარტო)…

კიდევ ერთხელ შემოვდივარ წინადადებით, რომ ფეისბუქზე შეიცვალოთ და სახელ-გვარი გადაიკეთოთ ქართულად. შევეცდები ავხსნა რატომ…

ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ 1978 წელს ქართული ენის დასაცავად, რომ ვიბრძოდით და საბჭოთა კრემლის წინააღმდეგ ხელნაწერებს ვაგროვებდით, გავიხსენოთ რამდენად ძვირფასი იყო ეს ყველაფერი მაშინ და რამხელა გამბედაობა სჭირდებოდა ამ ყოველივეს! ვიბრძოდით, ენისთვის, დამწერლობისთვის და ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო კიდეც, აქ მყავს დამეგობრებული ადამიანები, რომლებიც უშუალო ლიდერები და მონაწილეები იყვნენ იმ აქციისა, სწორედ მათ ვთხოვ გამომეხმაურონ და მხარი დამიჭირონ…

ის პერიოდი, ის დღეები, ის მძიმე წუთები, ის ყველაფერი უნდა განიცადო ალბათ კაცმა და მერე ვეღარ იტყვი – აქ ლათინურად რომ მიწერია სახელი და გვარი, არავისზე ნაკლები ქართველი არ ვარო.

“ეს იგივეა ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს ალბათ”

სამშობლო ელემენტარულ ქცევაში, წვრილმანში უნდა იწყებოდეს და იმზირებოდეს თორემ “ძლევაი საკვირველი”-ში დანახვას რა უნდა.

ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, როცა რომელიმე ქვეყანას უჭირს, ან ებრძვიან, ან ტერაქტს უწყობენ – ავატარზე იმ სახელმწიფოს მხარდასაჭერად, დროშებს რომ ვაყენებთ და მხარში ვუდგევართ, ჰოდა, მასე დავუდგეთ მხარში იმ ადამიანებს, რომლებმაც დამწერლობა და სახელმწიფო ენა შექმნეს, გაავრცელეს, დაიცვეს და აქამდე მოგვიტანეს.

უმორჩილესად გთხოვთ, რომ ამ დალოცვილ შრიფტზე გადავეწყოთ ხალხნო. მე პირადად მილიონში ერთი თუ მხვდება სომეხი, რუსი და ყველა იმ ეროვნების წარმომადგენელი, რომელსაც საკუთარი დამწერლობა აქვს – ლათინურ შრიფტზე მოერგოს სახელი და გვარი, ეს ცხადია ისევ ჩვენშია ასე გავრცელებული სენად.

ჩვენ ვკამათობთ პოლიტიკაზე, რელიგიაზე, სექსუალურ უმცირესობებზე და ათას წვრილმანზე, მაგრამ ამას მაინც ნუ გავიხდით საკამათოდ, ენა ხომ მართლა ყველაზე სუფთა და წმინდაა რაც გაგვაჩნია, რაც გვაქვს, რისთვისაც ვიბრძოდით!

უბრალოდ გვიყვარდეს სალაპარაკო მშობლიური – სუფრაზეც, კამათშიც, ჩხუბშიც, სპორტშიც და სოციალურ ქსელშიც! მითუმეტეს როცა ამ უკანასკნელში, ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და ყველაზე მეტად ვაზიარებთ სათქმელს!

ქართულ სასაუბრო ენას ხომ არაფერი დაუშავებია?! გრძელი ენები აშავებენ ყოველთვის!…

“ილაპარაკე მზად ვარ ვუსმინო,
ასჯერ გაგონილ ზღაპრებს, არაკებს,
ილაპარაკე შენ გაქვს უფლება,
დღეს არაფერზე პასუხს არ აგებ,
როგორც გინდა და რამდენიც გინდა,
არავინ აღარ გეტყვის არაფერს,
ოღონდ ქართულად, მხოლოდ ქართულად,
მარტო ქართულად ილაპარაკე.”