20 აპრილი, 2016

დავით დეფის ისევ ემუქრებიან

1defiპოეტ დავით დეფის ისევ ემუქრებიან. რამდენიმე თვის წინ მასზე თავდასხმა საკუთარ სახლთან, მაღაზიაში მოხდა. მაშინ პოეტმა პატრულს არ მიმართა, მაგრამ შეცდა. დღეს მასზე თავდასხმა ისევ განმეორდა.

ინფორმაცია ამის შესახებ დავით დეფიმ თავად გაავრცელა:

“რამოდენიმე თვის წინ, ჩემს სახლთან მაღაზიაში, ჩემი ცოლისა და სხვა ადამიანთა თვალწინ, ზურგიდან, წიხლებით, ლაჩრულად, კონკრეტულად ჩემი წიგნების გამო, თავს რომ ერთი არარაობა დამესხა და მე რომ პატრული არ გამოვიძახე, რადგან სამუდამოდ სამახსოვრო პასუხი გავეცი-მეთქი ვწერდი, მეგონა აღარ შემხვდებოდა.

დღეს შუადღეს, სახლთან დამხვდა, ისევ ზურგიდან მოვიდა და საზიზღარი, აგრესიული ღრეჯვა დამიწყო. მისთვის ხელი არ მიხლია, ერთი გავხედე გამეცალე-მეთქი და გზა გავაგრძელე.

უკან დაიხია და დუჟმორეულმა მუაქრით მომაძახა – გესვრი იცოდე, დაგჭრი, გესვრიო. იღრიჯებოდა, იმუქრებოდა, ილანძღებოდა.

მივმართე პოლიციას. მეც და ბევრმაც, ვიცით ვინც არის. თურმე ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობს და ორმოცდათხუთმეტი წლისაა. ჰყავს ცოლი და ორი შვილი.

ამას ვწერ, რათა თქვენც იცოდეთ მეგობრებო. პოლიციაც გაფრთხილებულია და ყველა სხვაც.
იმედი მაქვს, პოლიციის ოფიცერი მას უკვე დაელაპარაკა. ჩემთან და ჩემი ოჯახის წევრებთან ახლოს გაკარებაც აუკრძალა.

ყოველი ჩვენგანი ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ვინიცობაა ამ თავსგასულმა, ბოღმისგან ტვინგამომხმარმა მე კიდევ რაიმე ზიანი მომაყენოს, არავინ თქვას რატომ პოლიციას არ უთხარიო ან ფბ-ზე არ დაწერეო.”