Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბრალდებები იქს ფაქტორს – აქ ადგილები იყიდება!

26 აპრილი, 2016

tiko2მუსიკალური შოუ იქს ფაქტორი არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ბრალდებების მთავარი ადრესატი. მისი პროდიუსერები და ხელმძღვანელები კი ყოველ ბრალდებაზე განმარტებებს აკეთებდნენ.

გამონაკლისი არც მესამე სეზონი აღმოჩნდა. პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, 18 წლის თიკო დათიკაშვილმა, შოუს მესვეურებს ბრალდებები საჯაროდ წაუყენა:

“დადგა დრო, გაგიზიაროთ ჩემი უდიდესი ტკივილი და განცდა, რომელიც “X ფაქტორი”-ს შედეგად მივიღე. მოგახსენებთ და ალბათ თქვენც გახსოვთ, რომ ჟიური აღტაცებული დარჩა ჩემი სიმღერით. მეც უბედნიერესი წამოვედი ფილარმონიიდან. ამას მოჰყვა ზარი “რუსთავი 2”-დან და ახალი სიმღერა, რომელიც შემდეგ ტურში უნდა მემღერა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა როცა 10 კაცის შესარჩევ ტურზე გამოვცხადდი ლაკონური, საყვარელი და პირდაპირი უარი მივიღე, რომ თურმე მე ვერ მოვხვდი ათეულში. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის და ჩემი საახლობლოსთვის, ნაცნობისთვის თუ გულშემატკივრისთვის იყო სრული შოკი, თუმცა ვთქვი, მე ძლიერი ვარ და გადავლახავ ამ დაბრკოლებას, ამით არც არაფერი დაწყებულა და არც დამთავრებულა. სიმართლე გითხრათ, მეგონა რამე შეცდომა იყო და ეს ყველაფერი აბსურდად მეჩვენებოდა, მაგრამ თვალის დახუჭვა ვარჩიე. ნუ ვიფიქრე არ გამიმართლა და მორჩა.

მეორე დღეს შემომდის ზარი “რუსთავი 2”-დან და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომლის სახელს და გვარს განგებ არ დავასახელებ, თბილად მკითხულობს და მეუბნება, რომ “ხვალიდან რეპეტიცებზე მელოდება”. დავიბენი, მაშინვე ათასი კითხვა გამიჩნდა და როცა მივხვდი, რომ საქმე საეჭვოდ იყო, მაშინვე მოვახსენე წინა დღით მომხდარი ამბავი, რომელიც ჯერ კიდევ არ იცოდა მან, რაც კიდევ ერთი დაუჯერებელი და შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის. საუბარი დამთავრდა დიდი გამხნევებით და სიტყვებით: “მოიცადე არ გადაგიყვანეს?! თიკო, ხომ იცი შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ და ამ შემთხვევის გამო არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი”, მე აკანკალებული ხმით მადლობა გადავუხადე და გავთიშე.

უბრალოდ ფაქტები და ჩემამდე მოღწეული ინფორმაცია მოწმობს იმას, რომ მე ვიყავი ათეულში, რადგან ეს ადამიანი ჩემთან ჰაერზე ვერ დარეკავდა და ფაქტია, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმისა, რომ მე შემდეგ ტურში ვარ. ჟიურის უმაღლესი შეფასების და სიმპათიის, შემდეგი ტურისთვის შერჩეული სიმღერის, ამდენი ნახვის, რომელიც ჩემს ვიდეოს აქვს “imovies.ge”-ზე, იმ სატელეფონო ზარის, სადაც მელოდებოდნენ “რუსთავი 2”-ში რეპეტიციაზე და კიდევ მრავალი ფაქტის მიუხედავად, დღეს მე პროექტის გარეთ ვარ დარჩენილი და ამას უნდა ვუმადლოდე იმ ადამიანს, ვინც ბოლო წუთს გამაქრო და უხეშად რომ ვთქვათ “მომიშორა”. აქ ადგილები იყიდება!

ძალიან მინდოდა მოკლედ გადმომეცა ეს სამწუხარო და საშინელი რეალობა, რომლის მსხვერპლიც, დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ ვყოფილვარ. ხალხნო, არ იდარდოთ, თუ თქვენ გაქვთ უამრავი ფული (ან პირიქით უკიდურესად გაჭირვებული ბრძანდებით) გაქვთ საინტერესო ისტორია და ა.შ. თქვენ შეძლებთ გამარჯვებისა და წარმატების მოპოვებას! უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, იმ ხალხს ვინც მე მაფასებთ. ჩემთვის წარმოუდგენელია ის, რაც ხდება. ყველაფრისთვის მადლობას გიხდით და ყველანაირად ვეცდები “ჩემ საქმეს” ფარდა ავხადო და მივაღწიო საწადელს.

პ.ს. რაც შეეხება ჩემი ვიდეოს ნახვებს, მან 64 214-დან 11 715-ზე გადაინაცვლა. ამით კიდევ ყველაფერი ნათქვამია და აღარ მოვყვები. მე, როგორც მამავალ ჟურნალისტს, მიჭირს ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა. მე უბრალოდ ვითხოვ ახსნას, პასუხს, თუ რატომ ხდება ეს, თუ რატომ დამატყდა თავს ამდენი საეჭვო ფაქტი, თუ რატომ დამენგრა (ჯერ-ჯერობით) 18 წლის გოგოს ახლად წარმოქმნილი კარიერა. ზემოთხსენებულმა ზარმა ბევრი რაღაც შეცვალა და ბევრ ბურუსით მოცულ ფაქტს ახადა ფარდა. ასე მარტივად მე უბრალოდ არ და ვერ დავნებდები. ყველას უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის!”