18 აპრილი, 2016

სულ სხვანაირი ვაჟა ფშაველა

vaja-fshavela1ცნობილია, რომ ვაჟა ფშაველას მთის არწივს უწოდებდნენ. ის უშიშარი კაცი იყო, კარგი მოჩხუბარი და ადამიანის დაჩაგვრას არავის აპატიებდა.

თუმცა იყო რაღაც, რისაც მას ყველაზე მეტად ეშინოდა და ეს მის ბავშვობასთან იყო დაკავშირებული. ვაჟა ფშაველას არც მეტი, არც ნაკლები ხეზე ასვლის ეშინოდა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებულ ისტორიას მისი მეუღლე თამარ დიდებაშვილი იხსენებდა:

“ლუკას ხეზე ასვლისა ძალიან ეშინოდა. ვაშლის დაკრეფის დრო რომ მოატანდა, ხეზე ვერ ადიოდა, მუხლები მიკანკალებსო. მიზეზი რომ ვკითხე, ერთი ამბავი მიამბო:

ბავშვობისას ძალიან მიყვარდა ხეზე ასვლა. სულ ერთთავად ხეებზე ვიჯექი, დედაჩემს ეშინოდა, ხიდან არ ჩამოვვარდნილიყავი და დამაშინა. მითხრა: შენ თუ ხეებზე ასვლას არ მოიშლი, აგერ, ახუნის გორაზე, სულ ზევით, მაღალი წიფელი რომ დგას, ავალ, იმ წიფელზე შევხტები, სულ წვეროზე მოვექცევი, იქიდან გადმოვვარდები, დავეცემი და მოვკვდები, შენ კი უდედოდ დარჩები, დედა მოგიკვდება და რაღა გეშველება ობოლსაო.

დედის სიტყვამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ის დღეა და ის დღე, მე ხეზე აღარ ავსულვარ. როცა ხესთან მივალ, მაშინვე დედაჩემის სიტყვები მომაგონდება და მუხლები ამიკანკალდებაო.

დედაჩემმა ისეთი ტკბილი და შთამაგონებელი ლაპარაკი იცოდა, რომ იმის ნაამბობი ზღაპრები დღესაც მახსოვსო, – იტყოდა ლუკა.”