16 აპრილი, 2016

რამაზ გიორგობიანი – მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე

“გიორგობისთვე”, “მხიარული რომანი”, “სერენადა”, “ქოლგა”, “ციფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”, “ფილატელისტის სიკვდილი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა რამაზ გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა.

მისი კინოკარიერა სრულიად მოულოდნელად დაიწყო. ამბობენ, რომ ის ოთარ იოსელიანის აღმოჩენაა, რომელიც ფილმზე “გიორგობისთვე” მუშაობდა და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა.

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი მისმა მეგობარმა ლევან ჭუბაბრიამ გაიხსენა:

“49 წლის ასაკში გარდაიცვალა…

სულ მეცინება ეს ამბავი რომ მახსენდება – სახელმწიფო პრემია მიიღო. მეც იმ დღეებში მივლინებიდან ინდოეთიდან მოსკოვში ჩავედი. გავიგე, რომ, სასტუმრო “მოსკვაში” ცხოვრობდა.
მივედი სასტუმროში, ავედი ნომერში და რას ვხედავ!

ლენინის ბრინჯაოს ბიუსტები “მატრიოშკებივით” დაუწყვია და ამაყად მკითხა – მოგწონსო?

– გადაირიე, რამაზ, რა ჯანდაბად გინდოდა ამდენი ბიუსტი? – ვკითხე.

– იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც სასტუმრო “მოსკვას” მაღაზიაში შეხვალ და ეტყვი – Заверните мне Ленина!

ამიტყდა სიცილი. თუმცა მისი მეუღლე, ნუნუკა ქიქოძე ეჩხუბებოდა, ამდენი ფული მაგ ნაგავში რამ დაგახარჯინაო?

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, თბილო და საყვარელო ადამიანო!”

თბილი, საყვარელი, სევდიანი, იუმორით სავსე და უნიჭიერესი – ასე ახასიათებენ მას ის ადამიანები, ვინც მსახიობს პირადად იცნობდა.

რამაზ გიორგობიანის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ის 49 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა “მორევი”, რომელმაც მორევივით ჩაითრია ახალგაზრდა მამაკაცი და სამუდამოდ დააშორა საყვარელ ადამიანებს, საყვარელ საქმეს, ოჯახს, ერთადერთ შვილს. ფილმის პრემიერას ხელოვანი თავად ვერ მოესწრო, მისი ჩვენება რამაზ გიორგობიანის გარეშე, მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა. ფილმისთვის სცენარი თავად დაწერა, თავისი ცხოვრებისეული ტკივილი გადმოსცა და საკუთარი ისტორიებიც მრავლად ჩააქსოვა. რეჟისორობასთან ერთად მსახიობობაც შეითავსა და “მორევში” ითამაშა კიდეც.

რამაზ გიორგობიანს კიდევ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ განხორციელება არ დასცალდა და მხოლოდ 4 ფილმის გადაღება მოასწრო.