21 აპრილი, 2016

მოზარდ მაყურებელთა თეატრი შექსპირის საიუბილეო წელს უერთდება

22016 წელს მსოფლიო უპირველესი დრამატურგის უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელს აღნიშნავს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი შექსპირის საიუბილეო წელიწადის აღნიშვნას უერთდება.

23 აპრილს 18:00 საათზე გაიმართება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის პრესკონფერენცია თემაზე შექსპირის საიუბილეო წელიწადი და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები.

შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს სადადგმო ჯგუფთან ერთად შედგება პირველი რეპეტიცია პიესისა „აურზაური არაფრის გამო“.

ახალ სპექტაკლთან დაკავშირებით თეატრი ატარებს შიდა შესარჩევ კონკურსს ქალის სამ როლზე.

„აურზაური არაფრის გამო“ დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი, დამდგმელი მხატვარი ლომგულ მურუსიძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, მუსიკალური გამფორმებელი კი ზურაბ გაგლოშვილი.

სპექტაკლის პრემიერა „აურზაური არაფრის გამო“ გორის კომედიის ფესტივალის ფარგლებში 18 ივნისს შედგება. თბილისური პრემიერა კი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

23 აპრილს 19:00 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში რეჟისორ ლევან წულაძის მიერ დადგმული სპექტაკლის „რომეო და ჯულიეტა“ ჩვენება გაიმართება.