28 მარტი, 2016

ჟანრი ლოლაშვილი: ”ადამიანი საქციელების ჩამონათვალია”

janri-lolashvil1iრუსთაველის თეატრის მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი 50 წელია რუსთაველის თეატრის მსახიობია. მთავარი თუ ეპიზოდური როლები მისთვის არ არსებობს, მთავარი მისთვის ის ცოცხალი და უნიკალური ორგანიზმია, რომელისაც მისი უდიდებულესობა თეატრი ჰქვია.

ქეთევან სადღობელაშვილმა და გიორგი ებრალიძემ მსახიობის შეგრძნებების სამყარო ფილმში “სხვა” წარმოაჩინეს. ჟანრი ლოლაშვილი ფილმის მთავარი გმირია თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით – თეატრით, მხატვრობით, მეგობრებით…

ჟანრი ლოლაშვილი:

“სპექტაკლის თამაშს და რეპეტიციას მირჩევნია ყველაფერი. წლოვანება როცა ხელს გიშლის, უნდა გაკრიჭ-გამოკრიჭო კალენდარული დღეები. თავს ხომ არ მოვიტყუებ?

როცა ხელოვნებაში შედიხარ, მაგ დროს სახელი და გვარი აღარა გაქვს, ხდები სუბსტანციური. სცენა სულ სხვა რაღაცეებს მოითხოვს. თეატრის საგრიმიოროს სარკე ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი სარკისგან, იმიტომ რომ მასში შეგრძნებების სამყარო იწყება. აქ არ არის გაუბრალოებული რაღაცეები, აქ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ჩვეულებრიობის მიღმაა და რაღაცა ხდება. ხელშესახებიც კი არ არის, სულ სხვანაირია ყველაფერი. გრავიტაციაა, სულ სხვა გრავიტაცია.

ადამიანი საქციელების ჩამონათვალია, რაღაცაზე სწუხს, რაღაცას განიცდის, რაღაც უხარია, რაღაცას ანგარიშობს. თუ გინდა შენი პორტრეტი საინტერესო გახადო, არანაირად არ უნდა შეალამაზო და თავმომწონე არ უნდა გახდე. სიმართლეს მოაქვს წესიერება, შიდაბუნებას მოაქვს ის იმპულსები, რაც ადამიანს ალამაზებს.”