17 მარტი, 2016

უნიკალური ქართული ხელნაწერების ფოტო-ასლები საქართველოშია

xelovnebis-sasaxle1ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული უნიკალური ხელნაწერების ფოტო-ასლები საქართველოშია. საქართველოს ხელოვნების სასახლემ, გერმანიაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტ მაკა ბაუერისაგან ეროვნული მნიშვნელობის საჩუქარი მიიღო. ქალბატონმა ბაუერმა ხელოვნების სასახლეს ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული უნიკალური ხელნაწერების ფოტო-ასლები გადასცა.

18 მარტს, 19 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების „სახარების გიორგი მთაწმიდლისეული რედაქცია“, „კრებული“ (შეიცავს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირის მიერ გადაწერილ თხზულებებს, აგრეთვე ხანმეტ ტექსტებს), „თუენნი“, „მრავალთავის მსგავსი კრებული“ ფოტო-ასლები, რომლებიც ამიერიდან ხელოვნების სასახლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში იქნება განთავსებული.

თუკი ქართველ მეცნიერებს ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩაუსვლელად აღნიშნულ ხელნაწერებზე მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ, ამიერიდან 1000-ზე მეტი გვერდი ანუ დაცულ ხელნაწერთა სრული მასალა გაციფრებული და დიგიტალიზებულია, შესაბამისად ხელოვნების სასახლესა თუ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისული ნებისმიერი მკვლევარისათვის აღნიშნული უნიკალური მასალა უკვე ხელმისაწვდომი იქნება.