6 მარტი, 2016

უნიკალური ნუმიზმატიკური საგანძური საჯაროა

1numizmatikuri-saganduriუპრეცედენტო შემთხვევა ქართულ სამუზეუმო სივრცეში – საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი „ნუმიზმატიკური საგანძურის“ მუდმივმოქმედ ექსპოზიციას წარმოადგენს.

საზოგადოება, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად იხილავს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნუმიზმატიკურ კოლექციას.
ნუმიზმატიკური საგანძურის ექსპოზიცია საზოგადოებას გააცნობს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ისტორიას ძვ.წ. VI საუკუნიდან 1834 წლამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილ 3.500-მდე მონეტას შორის, დამთვალიერებელი პირველად იხილავს, კოლხური თეთრის იშვიათ ნიმუშებს, ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ადგილობრივ მინაბაძს, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიულ იმიტაციებს. ასევე, ქართულ-სასანურ იშვიათ დრამებს, პირველი ბაგრატიონების ბიზანტიურტიტულიან ვერცხლის ქართულ საფასეებს, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტას, რუსუდან დედოფლის დრამას, გიორგი IV ლაშას სპილენძის მონეტას, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეების მონეტებს…

გამოფენა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 9 მარტს გაიხსნება.