28 მარტი, 2016

თემურ თათარაშვილი კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ

temur-tatarashvili-kulturis-saministros-cinaagmdeg1მომღერალი თემურ თათარაშვილი კულტურის სამინისტროს უპირისპირდება. რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ღიად საუბრობს იმ თემებზე, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია.

თემურ თათარაშვილი გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი მონდომების მიუხედავად, ვერ შეხვდა ვერც კულტურის მინისტრს და ვერც მის მოადგილეს.

50 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტისთვის კულტურის სამინისტრომ მას დარბაზის არენდის და განათების თანხის გამოყოფაზე ჯერ თანხმობა უთხრა, შემდეგ კი უარი შემოუთვალა.

თემურ თათარაშვილი:

“კულტურის სამინისტროს უნდა გადაეხადა ის თანხა, რომელიც ისევ მას უბრუნდებოდა, ეს არის დარბაზის არენდა და განათება, ანუ 15.000. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი მათია, რამდენიმე წლით აქვთ აღებულია არენდით. მათ ფული არ უნდა მოეცათ ჩემთვის, უბრალოდ დარბაზის ფული არ უნდა გადამეხადა. დაზუსტებით ვიცი, რომ დარბაზის არენდის და განათების ფული ისევ მათ უბრუნდებათ.

გვარის და სახელის დასახელება არ შემიძლია, არაეთიკურია და ჩემგანაც არ არის სწორი, მაგრამ ამას კი ვიტყვი, დილის 9 საათზე მოსკოვში დამირეკეს და მითხრეს, რომ ხელი მოწერილია შენს დაფინანსებაზეო. დოკუმენტის დონეზე იყო გადაწყვეტილი ეს საკითხი და შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. ალბათ არ ვართ ქართველი მომღერლები საკადრისი დონის, ან არ მოსწონთ ჩემი ნამღერი, ან თვლიან რომ ხმა აღარ მაქვს. კი ვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ შავი არ ვარ. უარის მიზეზი არის ის, რომ არც ერთ ქართველ მსახიობს და ქართულ პროექტს არ დააფინანსებენ.

კულტურის მინისტრს ძალიან ახლოს არ ვიცნობ. ეს ახალგაზრდა ბიჭები მახსოვს, როცა ფილარმონიაში ვმღეროდი, მათ ერთი ოთახი ჰქონდათ ნაქირავები ფილარმონიაში და იქ რაღაც თავის საქმეებს აკეთებდნენ, ჩამოჰყავდათ მომღერლები.

ჩემს უბედურებას და ციხეს ამას არ ვუკავშირებ, შეიძლება დაკავშირებულიცაა, მაგრამ არ ვიცი. მათ ქართული არ უნდათ, მეტი არაფერი არ არის. საკონცერტო დარბაზში რომ შედიხარ, არც ერთი მომღერლის ფოტო და პლაკატი არ არის. ალექსანდრე ბასილაიას დიდი სურათი უნდა ეკიდოს საკონცერტო დარბაზში, რომელიც არ არსებობს, კიდია მარტო უცხოელები. ეს რას გვეუბნება? იმას, რომ არ აინტერესებთ არაფერი ქართული.

როცა მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზე ვიყავი ჩამოსული, ერთი კვირის განმავლობაში ვერაფრით ვერ შევაღწიე კულტურის მინისტრთან. არ შემხვდა არც მოადგილე და არც მინისტრი, საერთოდ დაკარგულები იყვნენ,” – განაცხადა თემურ თათარაშვილმა “იმედის დროში” სტუმრობისას.

თემურ თათარაშვილის პრეტენზიებთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას ქართველი მუსიკოს-შემსრულებლებისა და საესტრადო მომღერლებისადმი. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში ბევრი არტისტი მოღვაწეობს. მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ყველა მომღერლის საიუბილეო თუ გალაკონცერტის დაფინანსებას ვერც ერთი სამინისტროს ბიუჯეტი ვერ ეყოფა. ერთეული საესტრადო მომღერლის, ბენდისა და მუსიკალური ჯგუფის კონცერტის ბიუჯეტის მხრიდან მხარდაჭერამ კი შესაძლოა სხვა შემსრულებლების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვიოს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სრული საბიუჯეტო დაფინანსება დემოტივაციაა პროდიუსერებისა და შემსრულებლებისათვის, რადგან მათ აღარ უწევთ ზრუნვა ბილეთების გაყიდვაზე და რეალიზაციაზე. სამინისტრო მოქმედებს სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და თანასწორობის პრინციპებით, ამგვარად, ჩვენ ვმუშაობთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ყველა მომღერლისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

ამ მიდგომის ნათელი მაგალითია უპრეცედენტო შეთავაზება, რომელიც ამ ზაფხულს ბათუმში იგეგმება ზვღვისპირა ქალაქში, პროდიუსერებს, მომღერლებსა და მუსიკოს-შემსრულებლებს სრულიად უსასყიდლოდ დაეთმობათ საკონცერტო მოედანი, სივრცე აღჭურვილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებითა და ყველა იმ სერვისით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კონცერტის ჩასატარებლად. აღნიშნული პლატფორმა იდენტური აპარატურითაა აღჭურვილი, რომელსაც თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები იყენებენ. საესტრადო მომღერლებს, ბენდებს, მუსიკოს-შემსრულებლებს და მათ პროდიუსერებს საშუალება ექნებათ კონცერტები ტურისტებით დატვირთულ სეზონზე გამართონ, ბილეთების ფასი კი თავადვე განსაზღვრონ და შედეგად მიღებული შემოსავალიც თავადვე დარჩეთ.”