16 მარტი, 2016

როდის განახლდება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი?

konstantine-gamsaxurdia12კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლებას საჭიროებს. სოფელ ძველ აბაშაში მდებარე მემორიალურ ბინაში დაცულია უნიკალური ისტორიული ნივთები, კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების ხელნაწერთა ასლები, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები – გობელენები, ფერწერული ტილოები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი 1982 წლიდან ფუნქციონირებს. ეზოში განთავსებულია დამხმარე ნაგებობები. ამჟამად, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი საჭიროებს განახლებას. 2007 წლიდან სახლ-მუზეუმი კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში იმყოფება. ყოველწლიურად, 15 მაისს, იმართება სახალხო დღესასწაული “კონსტანტინეობა”.

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განახლების პროგრამის ფარგლებში მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდება, სადაც მოეწყობა ლიტერატურული საღამოები. მოეწყობა გამსახურდიების ჯარგვალიც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მწერლის სახლ-მუზეუმში გასულ წელს გალავანი და ჭიშკარი გაკეთდა, დამონტაჟდა გარე განათება და ეზოში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათას ლარამდე დაიხარჯა.