26 მარტი, 2016

ქართული რომანი დუბლინის ლიტერატურულ პრემიაზე

dublinis-lit-premiaდუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე The International Dublin Literary Award-ზე 159 ნომინანტს შორის ქართული რომანი მოხვდა.

მწერლის და ყოფილი პოლიტპატიმრის მერაბ რატიშვილის რომანი “თეთრი ლამა” მსოფლიოს საუკეთესო რომანების ჩამონათვალშია და მოკლე ნუსხაში მოსახვედრად იბრძვის.

მერაბ რატიშვილის შემოქმედება მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, ალტერნატიული ისტორია და მისტიკაა. მისი ცნობილი რომანები “ჯუღა”, “ილიადი”, “თეთრი ლამა”, “თეთრი ლამა 2” და “დაკარგული ფურცლები” რუსთავის N6 საპყრობილეში 2011-2012 წლებში დაიწერა. ისტორიულ-პოლიტიკურმა, მისტიკურ-მძაფრსიუჟეტიანმა ჟანრის ნაწარმოებებმა, მოკლე დროში საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურეს, რომანის გმირებმა კი მკითხველთა სიყვარული მოიპოვეს.

“ქვეცნობიერის მეშვეობით ადამიანის საინფორმაციო ბაზაში გონების გვერდის ავლით ხვდება უამრავი ინფორმაცია, რომელიც ინფორმაციასთან ერთად მასზე მიბმულ წარმოსახვით სურათსაც ინახავს. ადამიანის გონების აქტიური ცენტრების გარდა, ინახება კოლოსალური რაოდენობის ინფორმაცია, ჩვენს აქტიურ მეხსიერებაზე მრავალჯერ აღმატებული, რომელზეც ჩვენ არც წარმოდგენა გვაქვს და არც ხელი მიგიწვდება. მათ შორის არის გენეტიკურ-მემკვიდრეობითი მეხსიერება,” – ეს არის ამონარიდი რომანიდან “თეთრი ლამა”, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.

დუბლინის ლიტერატურული პრემიის მოკლე ნუსხა 12 აპრილს გამოცხადდება, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი კი 9 ივნისს გაიმართება.