20 მარტი, 2016

პანტომიმის თეატრი დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისთვის

pantomima-ganatlebis-ministrtan1პანტომიმის სახელმწიფო თეატრი უერთდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს და 21 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აწყობს შეხვედრას.

დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს შეხვდებიან პანტომიმის სახელმწიფო თეატრი და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, ისინი ერთობლივად ჩაატარებენ საქველმოქმედო ღონისძიებას ამ განსაკუთრებულად არაჩვეულებრივი ახალგაზრდებისთვის.

პანტომიმის სახელმწიფო თეატრს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მუდმივი თანამშრომლობა აკავშირებს. ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება 17 თებერვალს გაიმართა, სადაც 100-მდე ბავშვთან შეხვედრა გამართა სერბმა რეჟისორმა და მიმების საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა მარკო სტოიანოვმა. მან პანტომიმის თეატრის მსახიობებთან ერთად მასტერკლასი ჩაუტარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

მორიგი შეხვედრა 21 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშია დაგეგმილი:

“მოგეხსენებათ, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედაა გამოცხადებული. ვეცდებით, ჩვენი ხელოვნებით ამ დღეს ცოტა ხალისი შევიტანოთ ამ ადამიანების ცხოვრებაში და გვერდში დგომა ვაგრძნობინოთ.”