10 მარტი, 2016

ნიკოლოზ რაჭველი იმუქრება

1rachvveelliiმაესტრო ნიკოლოზ რაჭველი იმუქრება. თუკი მისი ორკესტრისთვის ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პასუხებს 21 მარტამდე ვერ მიიღებს, ხელოვანი შესაბამისი ქმედებების გათვალისწინებით საკმაოდ მწვავე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ნიკოლოზ რაჭველი:

“ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო, მინდა იცოდეთ, რომ მე და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრები დღემდე ველით ძალზედ მნიშვნელოვან პასუხებს:

1. ვახტანგ კახიძეს მივმართეთ სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, რომ თუ იგი ჩემს მიმართ პირადი ანტიპათიის გამო არ აძლევს ეროვნულ ორკესტრს თბილისში არსებულ ერთადერთ სიმფონიურ დარბაზში კონცერტების ჩატარების საშუალებას (ცხადია მანამდე ვიდრე ჩვენი შენობა გარემონტდება) მე მზად ვარ აღნიშნულ დარბაზში თავად არ ვიდირიჟორო და მხოლოდ მოწვეული დირიჟორებით გამართოს ორკესტრმა სეზონური კონცერტები! ამით შესაძლოა კომპრომისზე წავიდეს დარბაზის ადმინისტრაცია, ხოლო ეროვნული ორკესტრის განვითარებისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი პროცესისათვის, ისევე როგორც საპატიო სოლისტთა და დირიჟორთა მასპინძლობისათვის სიმფონიური მუსიკის დარბაზში დაკვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!!!

2. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის უკლებლივ ყველა თანამშრომელს გვაინტერესებს სახელმწიფოს მესვეურები (მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, კულტურის მინისტრი) იზიარებენ თუ არა ვახტანგ კახიძის საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც მას მიაჩნია, რომ თბილისის სიმფონიური მუსიკის ერთადერთი პროფესიული დარბაზი (რომელიც არ არის კერძო და არის სახელმწიფოს საკუთრება) სამუდამოდ უნდა იყოს დაკეტილი ეროვნული სიმფონიური ორკესტრისათვის. (შეგახსენებთ მის ძირითად არგუმენტებს: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი არის არაპროფესიონალი სტუდენტებისგან დაკომლექტებული კოლექტივი და მათი შესრულების დონე აღნიშნულ დარბაზის შემოქმედებით სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენმა ორკესტრმა სულ ახლახანს წარმატებული კონცერტები გამართა პარიზის სალ პლეიელ-ში, ბერლინის კონცერტჰაუზში, ბრიუსელის ხელოვნების ცენტრში, სტრასბურგის სიმფონიურ დარბაზში, პეტერბურგის ფილარმონიასა და ტალინის საკონცერტო დარბაზში; ეროვნულ ორკესტრს ხელმძღვანელობს პიროვნება, “რომლის იმ სცენაზე დირიჟორის ამპლუაში გამოჩენა არის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა” (ციტატა ვ. კახიძის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილი ოფიციალური წერილიდან ჩემს შესახებ); სხვა სიმფონიური ორკესტრების პრობლემები სრულებით არ არის მნიშვნელოვანი და სხვ.)

იმედია, ამ ორ საკითხზე 21 მარტამდე მივიღებთ პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 მარტს ოპერის თეატრში ჩვენი გალა კონცერტის დასრულებისას გავაკეთებთ საკმაოდ მწვავე საგანგებო განცხადებას შესაბამისი ქმედებების გათვალისწინებით!

P.S. პასუხისმგებლობას მხოლოდ კულტურის სამინისტროს არ ვაკისრებთ, ვინაიდან აღნიშნული ინსტიტუცია როგორც ჩანს იურიდიულად არ ყოფნის საკითხის მოგვარებას, ხოლო მინისტრის მიმართ პატივისცემა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩვენთან დაკავშირებული მისი არაერთი თხოვნა გაეთვალისწინებინა თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელს. კულტურის მინისტრი და სამინისტრო ნამდვილადაა მონდომებული აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, სწორედ მათი დიდი მონდომების შედეგია ის რომ ჩვენთვის გამოინახა რამდენიმე თარიღი ოპერაში (სამწუხაროდ, მათი სამუშაო პროცესის შეფერხების ხარჯზე), რომელიც აკუსტიკურად არ აკმაყოფილებს სიმფონიური მუსიკის ჟღერადობის სტანდარტებს და ქმედით ფაზაში გადავიდა ჩვენთვის შენობის რეკონსტრუქციის საკითხი, რის გამოც უდიდეს მადლობას ვუხდით მიხეილ გიორგაძეს და მის გუნდს! თუმცა მათდამი მეგობრობის და პატივისცემის მიუხედავად მე და ჩემი შემოქმედებითი გუნდი ვერაფრით შევეგუებით უსამართლობას, რომელიც გამყარებულია ცილისწამებითა და შეურაცხყოფით, რომლის მომსწრენიც, სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ გავხდით…”