14 მარტი, 2016

ხელოვნების სასახლეში ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება

1sasaxlis-foto14 მარტს, 17 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლეში ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემის ავტორები არიან რუსუდან ქუთათელაძე და მზია ჯაფარიძე.

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი პირველი და ერთადერთი გამოცემაა, რომელიც სრულად უყრის თავს ინფორმაციას ქართული მუსიკის შესახებ. გამოცემისთვის ინფორმაციის შეგროვებაზე შემოქმედებითი ჯგუფი წლების მანძილზე მუშაობდა.

ენციკლოპედია ქართული მუსიკალური სფეროს ყველა ძირითად საკითხს და მიღწევას აერთიანებს, რომელიც ქართული მუსიკის განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დაგროვდა.

გამოცემაში თავმოყრილია რამდენიმე ათასი სიტყვა-სტატია, ინფორმაცია საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორების, ჰიმნოგრაფების, მუსიკისმცოდნეების, ოპერისა და ბალეტის არტისტების, ღვაწლმოსილი პედაგოგების, ესტრადისა და ჯაზის მუსიკოსების შესახებ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს აღნიშნული სფეროების განვითარებაში.

ენციკლოპედიაში დიდი ადგილი ეთმობა ქართულ მუსიკალურ ტერმინოლოგიას, ხალხურ საკრავებს, ხალხურ და აკადემიურ საგუნდო კოლექტივებს, ორკესტრებს, ანსამბლებს, ორგანიზაციებსა და სხვ. ვრცელი სტატიები ეძღვნება აფხაზურ, ოსურ მუსიკას და ქართულ მუსიკალურ დიალექტებს. თითოეულ მათგანს ერთვის შესაბამისი ბიბლიოგრაფია, ლიტერატურა, დისკოგრაფია და სხვ. გამოცემა ილუსტრირებულია დიზაინერ ნიკა ადლაშვილის მიერ.