21 მარტი, 2016

ხელოვნების სასახლეს სპეციალური ჯილდო გადაეცა

xelovnebis-sasa1ხელოვნების სასახლეს, როგორც ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საუკეთესო ისტორიულ ძეგლს, ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის სპეციალური ჯილდო გადაეცა. „ევროპა ნოსტრას“ დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება და იგი ევროკავშირის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში უმაღლეს ჯილდოდ ითვლება.

„ევროპა ნოსტრა“ 50 ქვეყნიდან 250 არასამთავრობო ორგანიზაციას, 150 ასოციაციას და 1500-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია ევროპის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების უნიკალური ძეგლების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია.

ევროპა ნოსტრას ყოველწლიური კონკურსი სხვადასხვა ნომინაციებში იმართება, ესენია კონსერვაცია, კვლევა და დიგიტალიზაცია, ტურისტული მომსახურეობა, საგანმანათლებლო პროექტები. ამ ნომინაციებში გამარჯვებულ კანდიდატებს ევროპა ნოსტრა ფულად პრემიებთან ერთად ჟიურის სპეციალურ ჯილდოს „განსაკუთრებული აღიარებისთვის“ გადასცემს.

საქართველოს ხელოვნების სასახლე „რესტავრაცია-კონსერვაციის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი. ევროპა ნოსტრას სპეციალურმა წარმომადგენელმა, კერძოდ ევროპა ნოსტრას ვიცე-პრეზიდენტმა და საბჭოს წევრმა პიეტ ჯასპერტმა, ადგილზე დაათვალიერა მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, ისტორიული მხატვრობა, ავეჯი, ექსპონატები. სასახლის ინტერიერების, მათ შორის კედლის მხატვრობის რესტავრაციის ხარისხის, სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშების კონსერვაციის დონის შეფასებისა და დეტალური ანგარიშის შემდეგ „ევროპა ნოსტრამ“ საქართველოს ხელოვნების სასახლეს ჟიურის სპეციალური ჯილდო მიანიჭა.

ხელოვნების სასახლე საქართველოში პირველი სამუზეუმო ორგანიზაციაა, რომელმაც „ევროპა ნოსტრას“ სპეციალური ჯილდო განსაკუთრებული აღიარებისათვის მიიღო. კონსკურსზე წარსადგენი ნომინაცია ხელოვნების სასახლემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერით მოამზადა.

„ევროპა ნოსტრას“ დაჯილოდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის 24 მაისს მადრიდში ზარზუელას თეატრში გაიმართება, რომელსაც სპეციალური მიწვევით საქართველოს ხელოვნების სასახლის დელეგაცია დაესწრება.