30 მარტი, 2016

ირაკლი ფირცხალავას და მასტერის საჩუქარი მელომანებს

iraki-da-masteriრუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ და რეპერმა მასტერმა, იგივე გიორგი პავლიაშვილმა მელომანებს საჩუქარი გაუკეთეს.

მომღერლებმა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა “გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო” ახლებური ვერსიით ჩაწერეს და მასზე ვიდეორგოლიც გადაიღეს.

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა თავად კომპოზიტორმაც მიიღო. კლიპი რეჟისორმა გიორგი კიკალიშვილმა ძველ თბილისში გადაიღო.

მასში მასტერთან, ირაკლი ფირცხალავასთან და ჯემალ სეფიაშვილთან ერთად მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – მომღერლები ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე და ქეთა თოფურია, მსახიობები კახი კავსაძე და პაატა გულიაშვილი, კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, ფეხბურთელები ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე და შოთა არველაძე.