31 მარტი, 2016

ამირან შალიკაშვილის ეპოქა

amiran-shalikashvili717საქართველოში პანტომიმის ფუძემდებელმა, მაესტრო ამირან შალიკაშვილმა ეპოქა შექმნა. მისი ცხოვრება სავსეა ამაღელვებლად მრავალფეროვანი, ტკივილიანი, სიხარულით და ბრძოლით სავსე ცხოვრებისეული ეტაპებით.

შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება 1964 წლიდან, როდესაც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში დაიწყო მუშაობა.

მაესტრო 1969-1973 წლებში მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 1961 წელს ჩამოაყალიბა პანტომიმის ჯგუფი და 1965 წლის 13 მაისს ითამაშეს პირველი სპექტაკლი „ესეც ასე“. ამავე წელს ამირან შალიკაშვილი შეხვდა მსოფლიოში სახელგანთქმულ ფრანგ პანტომიმის ოსტატს მარსელ მარსოს.

1970 წლიდან ამირან შალიკაშვილი სათავეში ჩაუდგა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ პანტომიმის თეატრს, რომელიც სახელმწიფო თეატრად გადაკეთდა 1976 წლის იანვარში.

მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა პანტომიმის თეატრის მნიშვნელოვანი სპექტაკლები: „ოცნება და სინამდვილე“, „პოემა ვაზზე“, „ქალის გატაცება”, “ძველ საქართველოში“, „ტურფა“, „ქუჩის სურათები“, „უმუშევრის ბედი“, „ქალის ცხოვრება“, „მტრედები“, „ელექტრა“ და სხვა.

1971-1975 წლებში თეატრი იმყოფებოდა გასტროლებზე ყოფილ ისაბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში, სულ 115 ქალაქში. მოიარა თურქეთი, გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი, მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი, სირია.

საგასტროლო მოგზაურობიდან დაბრუნებულმა თეატრმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო მარსელ მარსოსგან 1973 წელს მოსკოვში საგასტროლო მოგზაურობის დროს:

„ასეთი ნაციონალური, პროფესიულად სრულყოფილი და ნიჭიერი კოლექტივი ჯერ არსად შემხვედრია. მიუხედავად თეატრის არსებობის ხანმოკლე ვადისა, დასმა უკვე შეიმუშავა საკუთარი ხელწერა და მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში თეატრი დაიკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს ევროპის თეატრებს შორის.“

1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ამირან შალიკაშვილის წინადადებით გაიხსნა პანტომიმის ფაკულტეტი, რომელსაც გახსნის დღიდან ხელმძღვანელობს.

1979 წელს მიანიჭეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1981 წელს მიანიჭეს კოტე მარჯანიშვილის პრემია.
1989 წელს მიანიჭეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
1998 წელს მიანიჭეს დოცენტის წოდება.
2004 წელს მიანიჭეს პროფესორის საპატიო წოდება.
ამირან შალიკაშვილი არის საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის გამგეობის წევრი, ევროპის პლასტიკის თეატრის გაერთიანების წევრი.

ავტორი წიგნებისა:
1. „პანტომიმა – დუმილისპოეზია“ – მსოფლიო პანტომიმის ხელოვნების ისტორია;
2. „დუმილის შემდეგ“ – ლექსების კრებული;
3. „ხილვები ფიროსმანზე“ – პოემა;
4. „ცრემლიანი შემოდგომა” – (მსახიობის მონოლოგი), სამი წიგნი;
5. „ის დადიოდა ქუჩაში მარტო“ – ლექსების კრებული.

დღეს საქართველოს პანტომიმის ერთადერთ პროფესიონალურ თეატრს აქვს დიდი რეპერტუარი.
დიდი შემოქმედებითი პალიტრა გაიტანეს ამირან შალიკაშვილის აღზრდილმა მოწაფეებმა მსოფლიოში, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

დღეს ორმოცდაათი წლის შემოქმედებით გზაზე მაესტროს აღზრდილმა, მისმა შვილმა შეძლო ჩაეტარებინა პირველი „ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი 2015“, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

პანტომიმის თეატრის მისამართი წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა.
1976 წლიდან პანტომიმის თეატრი მოღვაწეობდა თბილისის ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში (მუშტაიდის პარკში) საზაფხულო თეატრის შენობაში, რომელიც 1980 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა და მას შემდეგ თეატრის დასი განთავსდა ვაგონებში, სადაც წლების განმავლობაში მოუწია ყოფნა.

1998 წელს პანტომიმის თეატრს საქართველოს კულტურის სამინისტროსგან გადაეცა რუსთაველის გამზირზე, N37-ში მდებარე შენობის ნაწილი (1800 კვ.მ), რომელშიც დღემდე ფუნქციონირებს. 2012 წელს ამ შენობის ნაწილი გაიყიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ თეატრი იურიდიული მისამართის გარეშე დარჩა და დღემდე ამ პრობლემის წინაშე დგას. ამ საკითხის მოუგვარებლობა, რა თქმა უნდა, დიდ ტკივილს აყენებს, ისედაც მრავალ წინააღმდეგობა და ბრძოლა გამოვლილ ხელოვანს, მიმს, რამოდენიმე თაობის აღმზრდელს და მსოფლიო მნიშვნელობის პიროვნებას.

მისი მთავარი სათქმელიც ალბათ ეს არის:

“უნიკალური ქართული სტილის პანტომიმის და მის მიერ შექმნილი ამ ჟანრის ერთადერთი თეატრის გადარჩენაზე და შენარჩუნებაზე ვალდებულია იზრუნოს როგორც თითოეულმა მოქალაქემ, ასევე აუცილებლად სახელმწიფო სრტუქტურებმა. ამ თეატრს ჰყავს მრავალრიცხოვანი, ერთგული მაყურებელი. ასევე ძალიან ხშირი სტუმრები არიან უცხოელები, ტურისტები. ამ თეატრის უნიკალურობას ამტკიცებს როგორც ის ფაქტი, რომ იგი თავისი სტილით სრულიად განსხვავდება მსოფლიოში არსებული პანტომიმის თეატრებისგან, ასევე მისი უნარი – უშუალო კომუნიკაცია დაამყაროს ნებისმიერი ასაკის, ეროვნების, რელიგიის, სტატუსის და პროფესიის ადამიანთან.”

ამირან შალიკაშვილი:

“ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ შალიკაშვილის თეატრი! ეს ქართველი ერის და ჩვენი ქვეყნის კუთვნილი თეატრია! ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება შენობა, რომ XXI საუკუნეში აღორძინდეს საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი!”