2 მარტი, 2016

ლაბირინთი მოძრაობის თეატრში

1labirinti12 მარტს 20:00 საათზე მოძრაობის თეატრში მაყურებელი სპექტაკლ “ლაბირინთს” ნახავს.

ერთმოქმედებიანი მისტერია ცოცხალი მუსიკით თანხლებით იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლის რეჟისორია კახა ბაკურაძე, კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძე, ქორეოგრაფი ლაშა რობაქიძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ ანი თალაკვაძე, გიორგი გოგავა, სალომე ქავთარაძე, ბექა პაიკიძე, ქეთი გიორგაძე, უჩა მჟავია, ნიკა გოგიძე, ელიზბარ ჩხეიძე, მიშა ზაქაიძე და ეკა გაბაშვილი.

სპექტაკლში აღწერილია რიგითი ადამიანების ცხოვრების ეტაპები, ადამიანები ხომ უსასრულო ლაბირინთში მოძრაობენ – სოციალურში, ურბანულში, ემოციონალურსა თუ კომუნიკაციურში. ხშირად თავად ვაშენებთ ლაბირინთის ჩიხებს და ამას ისე ვაკეთებთ, რომ ვერც კი ვხვდებით. ყოველი არჩეული არასწორი გზა, ახალ ლაბირინთებს ხლართავს. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებს უცნაური სურვილი აქვთ ლაბირინთში მოგზაურობის ვიზუალური ხილვისა და მის მიმართ ინტერესი არასოდეს ნელდება, მოყოლებული იმ დროიდან, როდესაც ადამიანის გონებამ ლაბირინთის ფენომენის აღქმა შეძლო.

გამომდინარე იქიდან, რომ კახა ბაკურაძის თეატრი ტრადიციული პარტერული ტიპის თეატრი არ არის, ამ სპექტაკლშიც, შინაარსის გარდა, საინტერესოა ასევე ის გარემო, რომელშიც პრემიერა გაიმართება. სპექტაკლში მაყურებელი მოქმედების განუყოფელი ნაწილია. წარმოდგენას მაყურებელი იხილავს 360 გრადუსში, რადგან შეუძლია იმოძრაოს სცენის ირგვლივ და სპექტაკლს სხვადასხვა რაკურსიდან შეხედოს.

ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა ზოგადად თეატრის კონცეფციამ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იქმნებოდა და რომლის მიზანიც იყო მაყურებლისთვის სრულიად განსხვავებული “ფიზიკური თეატრის” ჩვენება. მრავალი წლის განმავლობაში კახა ბაკურაძე საკუთარ დასთან ერთად ქმნიდა თეატრს არა მხოლოდ შემოქმედებითი თვალსაზრისით, არამედ ფიზიკურად – საკუთარი ხელით ააშენეს შენობა, რომელშიც სპექტაკლები იმართება.

როგორც თავად კახა ბაკურაძე აცხადებს, მისი მიზანი იყო გასნხვავებული სპეციფიკის სპექტაკლების ჩვენების გარდა, მასში მაყურებლის, როგორც ორგანული შემადგენლის მონაწილეობის შექმნა.

მოძრაობა ერთად თეატრისკენ და თეატრშიც! – მოგიწოდებთ მოძრაობის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი და გეპატიჟებათ პრემიერაზე “ლაბირინთი” მუშთაიდის ბაღში, აღმაშენებლის 182-ში.

პრემიერაზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარია.