5 მარტი, 2016

ლადო ასათიანს ოცნება სიკვდილის შემდეგ აუსრულდა

lado-asatiani1“ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა,
რაც უფლის ციხესგამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა”

ან კიდევ

“ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა.”

როგორც ტიციან ტაბიძის პოეზიის სიმბოლოა მიხაკი, ისე ლადო ასათიანის პოეზიის სიმბოლოა ყაყაჩო. მის საფლავზეც კი ყაყაჩო ყოველთვის თავისით ამოდის.

26 წლის ასაკში ჭლექით გარდაცვლილმა ლადო ასათიანმა იმაზე მეტი მემკვიდრეობა დატოვა, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო.

ლადო ასათიანის ცხოვრება თავიდანვე პრობლემებით და ქარტეხილებით წარიმართა. პოეტის დედა ლიდა ცქიტიშვილი ქართული ენის პედაგოგი იყო. ვიღაცის დაბეზღებით ის დააპატიმრეს, ციმბირში გადაასახლეს და უცხო მხარეში გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე დედა ბავშვებს ხშირად წერდა წერილებს. ერთ-ერთი წერილი ლადო ასათიანისთვის იყო განკუთვნილი: “ჩემო ძვირფასო, ყველაზე ულამაზესო გარეგნულად და უფაქიზესო სულიერად, შვილო ვალოდია. მაპატიონ, როგორც დედა, ისე ვმსჯელობ… ვაი, რომ ცუდად ვარ. დედა შემოგევლოს, რაც შენთვის მიამებია, ყველა უნდა გადაგახდევინო. მედიკოს, შენს ერთადერთ დას უნდა ჩააცვა და დაახურო, ან კბილის, ან თვალის ექიმად უნდა გაზარდო. გეხვეწები, გოგიტასაც გაუწიე ძმობა, სპეციალობას მოკიდოს ხელი”.

ლადო ასათიანის პირველი ლექსი რომ დაიბეჭდა, გაზეთი დედას გაუგზავნა. იმ დროს პოეტის დედა უკვე მომაკვდავი იყო. გაზეთს არ აძლევდნენ, მაგრამ ქართველი პატიმრების თხოვნის შემდეგ წაუკითხეს შვილის ლექსი. პირველი ლექსი ლადო ასათიანს გიორგი ჯიბლაძემ ქუთაისის გაზეთში დაუბეჭდა. პოეტი მოგვიანებით თბილისში გადმოვიდა და გაზეთ “ნორჩ ლენინელში” დაიწყო მუშაობა. ამ გაზეთში ის ხშირად აქვეყნებდა ლექსებს ლ. ვარდოშვილისა და ლ. ასათიძის ფსევდონიმით.

ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი პირველი საღამო პიონერთა სასახლეში გაიმართა. უამრავი ხალხი მივიდა და დარბაზში ტევა აღარ იყო. როდესაც პოეტის მეუღლემ კარისკაცს უთხრა, ლადო ასათიანის მეუღლე ვარო, მან გაკვირვებით თქვა, ვეღარ გავიგე რამდენი ცოლი ჰყავდა ლადოსო. როგორც ჩანს, საღამოს რომ დასწრებოდნენ, ბევრმა ტყუილი თქვა და ლადოს მეუღლედ გაასაღა თავი. საღამოზე ცნობილი ადამიანები გამოვიდნენ სიტყვით – ვახუშტი კოტეტიშვილი, ცინუკი დადიანი, მერი შილდელი, ნოდარ დუმბაძე, თამრიკო ჯავახიშვილი, ნელი მახარაძე. რეზო ამაშუკელმა ლექსად თქვა, მე რომ მაშინ ვყოფილიყავი, ჩემს ფილტვებს გაგიცვლიდიო.

ლადო ასათიანმა მეუღლე ანიკო ვაჩნაძე, პირველად შემთხვევით ქუჩაში ნახა. შემდეგ პოეტმა სიყვარულის წერილი გაუგზავნა. ანიკო მწერალთა კავშირში ეკონომისტად მუშაობდა. მწერლებს მისთვის გამოგზავნილ “უცნობის” წერილზე უთქვამთ, ხელწერით დავადგინოთ, ვისი იქნებაო. რევაზ მარგიანი მიხვედრილა, ქუთაისიდან ერთი ნიჭიერი პოეტია ჩამოსული და იმისი ხელნაწერიაო. ეს წერილი პოეტის მეუღლემ დახია, რასაც შემდეგ ძალიან ნანობდა.

ანიკო ვაჩნაძე ულამაზესი ქალი იყო. ლადო ასათიანის გაცნობამდე, მას ლექსები სიმონ ჩიქოვანმა, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, გიორგი შატბერაშვილმა, კოლაუ ნადირაძემ, გიორგი ქუჩიშვილმა, სერგეი მიხალკოვმა მიუძღვნეს. მოგვიანებით ამ ლექსებს პოეტმა მინაწერები გაუკეთა.

ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს პოეტის უახლოესმა მეგობარმა ნიკა აგიაშვილმა გააცნო. ერთხელ, როდესაც ანიკოს დედას დაუწუწუნია, როდის უნდა გათხოვდეო, მას უპასუხია, თუ გინდა, ხვალვე გავთხოვდებიო. მეორე დღეს ანიკომ სახლში ლადო ასათიანი და მისი მეგობარი ლევან კიკნაძე მიიყვანა. დედამისს სასიძო ლევანი ეგონა და ის უფრო მოეწონა, მაგრამ მერე თქვა, არა უშავს, ესეც კარგიაო. ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე მხოლოდ 5 წელი იყვნენ ერთად. პოეტის გარდაცვალებამ მისი მეუღლე სრულიად ახალგაზრდა დააქვრივა და 2 წლის გოგონათი სრულიად მარტო დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, მეორედ აღარ გათხოვდა და სიცოცხლის ბოლომდე ლადო ასათიანის სიყვარულის ერთგული დარჩა.

ახლადშეუღლებულებს ცხოვრება საკმაოდ რთულ პირობებში უხდებოდათ. თავიდან ისინი ანიკოს მშობლებთან ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ლადო ასათიანს მაშინდელ ლენინის მოედანზე მისცეს ერთი ოთახი, მაგრამ შემდეგ ისევ ჩამოართვეს. ამის შემდეგ ყოფილი ჟერძინსკის ქუჩაზე მიიღო ერთოთახიანი ბინა. 14 კვადრატულ მეტრიან ფართში მხოლოდ ერთი კარი იყო და ამ კარს ჰქონდა პატარა ფანჯარა.

პოეტმა პირველად სისხლი მაშინ ამოახველა, როცა სიდედრთან, ზუბალაშვილების ქუჩის ზემოთ მიდიოდა. აღმართზე მისი სიარული არ შეიძლებოდა, ამიტომ მეუღლემ ამჟამინდელი პარლამენტის პირდაპირ, სასტუმრო “ორიენტში” იქირავა ოთახი. მათი ფანჯარა ლადო გუდიაშვილის სახლს უყურებდა. ერთხელ პოეტს უთქვამს, როგორ მინდა, ჩემი წიგნი ლადომ გააფორმოსო. ანიკოს ეს ამბავი ლადო გუდიაშვილის მეუღლისთვის უთქვამს. პოეტის ოცნება ასრულდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის გარდაიცვალა – ლადო გუდიაშვილმა ლადო ასათიანის პორტრეტი სურათიდან დახატა და მის წიგნს წაუმძღვარა, მოგვიანებით კი პოეტის ერთტომეულიც გააფორმა.

ლადო ასათიანი კონსტანტინე გამსახურდიასთან და სიმონ ჩიქოვანთან მეგობრობდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თავისი ერთადერთი ქალიშვილი მანანა მათ, ნიკა აგიაშვილს და ლადო გუდიაშვილს უნდა მოენათლათ, მაგრამ მაშინდელი პერიოდის გამო, გოგონა მოუნათლავი დარჩა. მანანა ასათიანი საკმაოდ მოზრდილი მოინათლა და მისი ნათლიები გახდნენ მირანდა გამსახურდია, ლადო გუდიაშვილის და სიმონ ჩიქოვანის მეუღლეები.
პოეტს მოსწრებული სიტყვა ჰქონია. მეგობრებთან საუბრისას უცებ შეთხზავდა ორსტროფიან ეპიგრამას ან ფუნაგორიას. მაგალითად, ნიკა აგიაშვილზე დაუწერია: “ნიკა სხდომაზე გვეძახის, თუ არ მივდივართ, ცხარდება, თუ მივალთ, ობლად ვყიალობთ, თვითონ კი არა ცხადდება”; “ნიკაია მოხალისე, მალე თბილისს მოხვალ ისევ”… უკვე გადაწყვეტილი იყო ლადო ასათიანის ფუნაგორიების გამოცემა, მასზე მანანა ასათიანი და მურმან ლებანიძე ერთობლივად მუშაობდნენ, მაგრამ მინისტრთა საბჭოს შენობა რომ დაიწვა, მასალებიც სრულიად განადგურდა.
ლადო ასათიანმა პირველი წიგნი 1940 წელს გამოიცა. მხატვარი მისი მეგობარი, ლადო ავალიანი იყო. სულ ამბობდა, თუ ავადმყოფობამ არ შემიშალა ხელი, მინდა, ცალკე წიგნად გამოვცე “ბალადა”, “ასპინძა” და სხვა ლექსებიო. წიგნისთვის “წინაპრები” უნდა დაერქმია. 1942 წელს სარედაქციო საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომ დაბეჭდილიყო ლექსების კრებული “წინაპრები”, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დადგენილება გააუქმეს, წიგნი არ გამოვიდესო. ის უკვე დაბეჭდილი იყო, სასიგნალო ეგზემპლარები კი – გამოცემული. მარიკა ჯაფარიძემ ლადოს დაურეკა, იქნებ რაიმე უშველო წიგნსო, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. როცა მარიკა ჯაფარიძე სტამბაში ასულა, უნახავს, როგორ ჭრიდნენ უკვე გამზადებულ წიგნს. ასე ამბობდნენ, რა დროს წინაპრებიაო. პოეტის ამ ამბავმა დიდი სულიერი ტრავმა მიაყენა, ამბობდა, შვილი დავკარგეო. ამ ნერვიულობამ ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

სიმონ ჩიქოვანს ლადო ასათიანზე დიდი ამაგი აქვს. სწორედ მისი წინათქმით და ლადო გუდიაშვილის ნახატით გამოვიდა ლადოს ასათიანის წიგნი 1944 წელს. სიმონ ჩიქოვანი ბევრჯერ შესულა ცკ-ის მაშინდელ მდივან კანდიდ ჩარკვიანთან, კარაქის ტალონი აუღია და პოეტის სასთუმალთან მიუტანია. ლადო ასათიანის თაობის ამბები არაჩვეულებრივად აქვს გადმოცემული მის უახლოეს მეგობარს ნიკა აგიაშვილს წიგნში “ჭაბუკები დარჩნენ მარად”. გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ტრადიციად იყო მწერლების სეირნობა რუსთაველის პროსპექტზე. ლადოსაც ძალიან ჰყვარებია რუსთაველზე სიარული და ლექსების ბუტბუტი:
“რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას.”

პოეტი საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა. ჭლექი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. როცა თავს ცუდად გრძნობდა, აბასთუმანში მიდიოდა, ცოტა რომ მოკეთდებდა, მაშინვე თბილისში ბრუნდებოდა. ცნობილი ფთიზიატრი ოთარ ბათიაშვილი, წერდა – მაშინ ჩვენ ყველას გვჭირდა ტუბერკულოზი, მაგრამ აბასთუმანში ვმკურნალობდით და მოვრჩით, ლადო კი თბილისით იყო ავადო. პოეტი აბასთუმანში ვერ ისვენებდა და წერდა კიდეც: “ქვეყნის გადაბრუნებაზე ვოცნებობდი და ახლა აბასთუმანში, ტუბინსტიტუტში ვზივარ. მაინც ეს ინსტიტუტი ვერაფრით მოვიშორე. ჯერ პედინსტიტუტი, ახლა ტუბინსტიტუტი”… გრძნობდა, რომ დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა. ჩქარობდა, სათქმელი ლექსად გადმოეცა. აბასთუმანში, თავისი ოთახის ფანჯარასთან, წიგნებით მოფენილი მაგიდა ედგა. გვიანობამდე კითხულობდა რუს და უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს, თარგმნიდა პუშკინის პროზას, ჰემინგუეის, ბლოკს. გალაკტიონი და ბლოკი მისი ღმერთები იყვნენ. აბასთუმანში თითქმის ერთი და იგივე ხალხი მკურნალობდა. ერთ-ერთი იგონებდა, მკვდარი საათის დროს ყველანი ვიძინებდით, ლადო კი გარეთ გავიდოდა, ჯიბეში ხელებჩაწყობილი ნაკრძალში დადიოდა და ლექსზე ფიქრობდა, მეორე დღეს უკვე ახალ ლექსს გვიკითხავდაო.

მისი მეუღლე იხსენებდა, “როცა ლექსს დაწერდა, მხოლოდ ერთ ან ორ ადგილს თუ შეასწორებდა, აბასთუმნიდან ახალ ლექსებს მიგზავნიდა და მაბარებდა, კარლო კალაძეს ან სიმონ ჩიქოვანს მიუტანე, სხვაგან არ წაიღო, თუ ნიკა შეასწორებს რასმე, აუცილებლად შემატყობინეთ, არაფერი შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში წამოიღე და არ დაბეჭდოო.”

ლადო ასათიანი 26 წლის ასაკში ჭლექით გარდაიცვალა. პატარა ქალიშვილს სიცხით ანთებული თვალებით შეჰყურებდა და მეგობარს სწერდა, სულ სიცოცხლის გაგრძელება მენატრებაო. სიკვდილმაც ლექსის წერის პროცესში მოუსწრო. ბაგე ოდნავ გახსნა და “მა..ს” მსგავსი სიტყვა მოხაზა. ვერ გაარკვიეს, მამას უხმობდა თუ ქალიშვილს. მოხუცმა მელქისედეკმა შვილს ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.

პოეტი 1943 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა. ლადო ასათიანი მწერალთა კავშირის შენობიდან გამოასვენეს და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. გოგლა ლეონიძემ მიწას მიაბარა და უთხრა, ბედნიერი ხარ, რომ საქართველოს მიწა გეყრება გულზეო. 1968 წელს კი ლადო ასათიანი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.