Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სად იყავი დღეს, ქართულო კინო?”

nana-mched131 მარტს უკანასკნელ გზაზე გააცილეს კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე. 90 წლის ხელოვანი ანდერძის თანახმად, მშობლიურ ხონში დაკრძალეს.

რეჟისორის დაკრძალვას ნანული ცხვედიანი ეხმაურება, რომელიც ქართული კინოს მესვეურებს აკრიტიკებს.

ნანული ცხვედიანი:

“ხონის მიწას მიაბარეს დიდი ქართველი ხელოვანი, საქართველოს სახალხო არტისტი, “პირველი მერცხლისა” და “იმერული ესკიზების” დამდგმელი რეჟისორი ნანა მჭედლიძე.

სიკვდილშიაც როგორი გენიალური აღმოჩნდა, როგორი მოკრძალებული და უპრეტენზიო! იწვა ხონის წმინდა გიორგის ტაძრის შუაგულში ეს პატარა დიდი ქალი და არც ჭირისუფალთა, არც გვირგვინთა სიმრავლით მოუჭრია თვალი ვინმესთვის, არც პატივგების განსაკუთრებული ფორმით. მის დაკრძალვაზე რომ ხალხი იყო (ძირითადად- ხონის ინტელიგენცია, ხელმძღვანელობა, ახალგაზრდობა, თითო-ორორა სტუმარი), ზოგჯერ იმაზე გაცილებით მეტიც კი მინახავს რომელიმე პატარა სოფელში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალზე. ეს არ ჰგავდა მრავალმხრივ დამსახურებული ადამიანის გაცილებას უკანასკნელ გზაზე!

გაოცებული ვარ – არც ერთი “კინოვარსკვლავი”, კულტურის სფეროს არც ერთი ცნობილი სახე არ გამოჩენილა, პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტარებს, მინისტრებს რომ თავი დავანებოთ! რესპუბლიკური არხებისათვის მომუშავე ქუთაისელმა ჟურნალისტებმა პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის მეტი ვერავინ მოძებნეს, რომ ჩაეწერათ, მხოლოდ ეს ადამიანი იყო ყველაზე ცნობილი სახე დღეს. და კიდევ – იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

ნანა მჭედლიძე რომ ჭეშმარიტად სახალხო მოღვაწე იყო, დღესაც გამოჩნდა. ხალხი გამოეთხოვა უდიდესი გულწრფელობით, ხალხმა გააცილა უკანასკნელ გზაზე, ხალხი იხსენებდა დღეს მისი ფილმებიდან ეპიზოდებს…

და სად იყავი დღეს, ქართულო კინო? სად იყავით, ნანა მჭედლიძის ფილმებში გადაღებულო მსახიობებო? სად იყავით, რეჟისორის კოლეგებო?”