31 მარტი, 2016

კულტურის სამინისტროს უარი ანსამბლ “რუსთავის” სოლისტს

davit-gvelesiani1ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” სოლისტს დავით გველესიანს კულტურის სამინისტრომ კონცერტის დაფინანსებაზე უარი უთხრა.

ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა:

“დღეს კულტურის სამინისტრომ უარი განაცხადა ჩემი კონცერტის თანადაფინანსებაზე. დიდი ,,მადლობა” მინდა გადავუხადო მათ ამ საჩუქრისთვის და ხმამაღლა ვაცხადებ!! არც ერთ მათ პროექტში აღარ მივიღებ მონაწილეობას არც მარტო და არც ანსამბლ რუსთავთან ერთად თუნდაც ეს სამსახურის დაკარგვად დამიჯდეს!!!

არანაირი ახსნა… პირდაპირ უარის წერილი მოვიდა..

როცა მათ ვჭირდებით, ნაყინის ფულად მივდივართ საზღვარგარეთ და მთელ ენერგიას ვდებთ კონცერტებში. ერთხელ ჩინეთში მათ დაგეგმილ კონცერტებში 50 დოლარი გადაგვიხადეს და მადლობაც არავის უთქვამს!!!

სწორედ ხალხისთვის მინდოდა ეს კონცერტი, რომელსაც ერქვა ,,მუსიკოთერაპია: სიყვარული!”

ამ სამინისტროს დანიშნულებაა მხოლოდ ჯაზპროექტების დაფინანსება ისეც ყველასათვის ნაცნობი კომპანიის მიერ მოწყობილის, ყოველწლიურად ასობით ათასი ლარის ოდენობით…

“არტინფო” დავით გველესიანს დაუკავშირდა:

”ჯერჯერობით ველოდები პასუხს მერიიდან და ვეძებ სხვა თანადამფინანსებელს… კონცერტი ეძღვნება იტალიასთან და ვატიკანთან მეგობრობას. ჰქვია ,, მუსიცოტერაპია: ამორე” ანუ “მუსიკოთერაპია: სიყვარული”.

ძალიან გამიკვირდა სამინისტროსგან უარი, რადგან ხშირად ვმონაწილეობ მათ ღონისძიებებში და თითქმის ჰონორარის გარეშე.

კონცერტის პროგრამა მთლიანად იტალიური რეპერტუარია. საელესიო მუსიკა და პოპულარული სიმღერები.

კონცერტის ფორმატია სოლისტი, ორკესტრი (ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით) ორგანი… გუნდი.

ხდება კონცერტის გადაღება პროფესიონალი გუნდის მიერ და გამოიცემა დივიდი დისკები, რომელიც შესანიშნავი სასაჩუქრე იქნებოდა ყველა სტუმრისთვის, რომლებიც დარწმუნდებოდნენ, რომ საქართველოში პროპაგანდა ეწევა ევროპულ-იტალიურ კულტურას.”