18 თებერვალი, 2016

სამხატვრო აკადემია განმარტებებს აკეთებს

1samxatvroაპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია განმარტებებს აკეთებს. საქმე ეხება სამხატვრო აკადემიასა და უცხოეთში მოღვაწე ხელოვან გიორგი ეძგვერაძეს შორის მიმდინარე სასამართლო დავას:

“სამხატვრო აკადემიასა და ბატონ გიორგი ეძგვერაძეს შორის მიმდინარე სასამართლო დავის ირგვლივ წარმოქმნილი აჟიოტაჟისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, საჭიროდ ჩავთვალეთ განვმარტოთ:

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩეული პროფესორების – გია გუგუშვილის, დავით ალექსიძის, მამუკა მიქელაძის და გიორგი გეგეჭკორის არჩევა კანონიერად არის მიჩნეული.

ასევე კანონიერად არის მიჩნეული რექტორის არჩევნები. გადაწყვეტილების ეს ნაწილი საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. აკადემიას დაევალა ხელახლა განიხილოს გიორგი ეძგვერაძის კანდიდატურა მხოლოდ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, თუმცა ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება აკადემიას არ მიუღია.

გადაწყვეტილების მიღების შემდგომ აკადემიას ექნება შესაძლებლობა გაასაჩივროს იგი საკასაციო წესით, ან უარი თქვას შემდგომ გასაჩივრებაზე.

გადაწყვეტილების ამ სახით კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, აკადემიამ უნდა განიხილოს მხოლოდ გიორგი ეძგვერაძის განცხადება და, შესაბამისად, საკონკურსო კომისიას ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს მხოლოდ ბატონი გიორგი ეძგვერაძის დამატებით პროფესორად არჩევის თობაზე.”