Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„პენტერაფობია“ – პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

11 თებერვალი, 2016

1premieნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი 19, 21 და 26 თებერვალს, 20 საათზე, ექსპერიმენტულ სცენაზე პრემიერას ითამაშებს. თეატრის სცენა დაეთმობა რეჟისორ ვახტანგ ანდიაშვილის დამოუკიდებელ პროექტს „პენტერაფობიას“.

ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში დამკვიდრებული ტერმინი პენტერაფობია – სიდედრის მიმართ შიშს ნიშნავს.

რეჟისორი საკუთარი პიესის წყალობით მოქმედებას ორ დროში ანვითარებს, აწმყოსა და წარსულში.

ახალგაზრდა პროგრამისტი მეუღლესთან ერთად სიდედრის ბინაში ცხოვრობს. ის გამოიგონებს დროის მანქანას, რომელმაც მომავალში უნდა გადაიყვანოს. სიდედრი სიძეს ასწრებს, შეყავს არასწორი კოდი, რის გამოც მთელი ოჯახი ქვის ხანაში გადაჰყავს. ჩვენი დროის ოჯახი, პალეოლითური ხანის ოჯახს საცხოვრებელ ადგილს უცვლის და ისინი გამოქვაბულიდან სიდედრის თაოსნობით აწმყოში გადაჰყავს.

უჩვეულო გარემო ორივე ოჯახზე შოკისმომგვრელ გავლენას ახდენს, თუმცა ქვის ხანის ადამიანები უცებ აუღებენ ალღოს თანამედროვე ცხოვრებას. რა მოხდება მაშინ, როცა ქვის ხანის სიძე კომპიუტერის კლავიატურას ხელს შემთხვევით დააჭერს და ჩვენი დროის ოჯახს შინ დააბრუნებს?

ერთ მოქმედებიან კომედიაში მონაწილეობენ მსახიობები ეკა თვაური, რაჟდენ კერვალიშვილი, ნათია გნოლიძე, სერგო საფარიანი, მაია ლომიძე და ნელი ვაშალომიძე.