21 თებერვალი, 2016

ლიანა ისაკაძის წარმატების საიდუმლო

1liana-isakadzeმსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე არ მალავს, რომ ცხოვრებაში საკმაოდ პრინციპული და შეუვალია, არის საკითხები, რომლებზეც არაფრის დიდებით არ შეიცვლის აზრს და ამას არასოდეს ნანობს.

“არტინფო” ლიანა ისაკაძის ცხოვრების უმთავრეს ეტაპებს და წარმატების საიდუმლოს გაგანდობთ:

***

“კონკურსებზე გამოსვლისას არასდროს ვარღვევდი საკუთარ მუსიკალურ პრინციპებს და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვუკრავდი, იმიტომ რომ კონკურსი კონცერტს არაფრით ჩამოუვარდება. მთავარია, დაუკრა იმისთვის, რომ სიამოვნება მიანიჭო საკუთარ თავს და მსმენელს. არაფრით არ შეიძლება კონკურსზე მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი. თუ ამაზე იფიქრებთ და მხოლოდ გამარჯვებისკენ ისწრაფებთ, ეს მხოლლოდ გენატიურად აისახება თქვენს ტალანტზე.

თუ გინდათ იყოთ წარმატებული მუსიკოსი, ერთ საიდუმლოს გაგანდობთ – დაივიწყეთ ყველანაირი გამორჩენა ცხოვრებაში, კარიერაში, ეს ყველაფერი ძალიან შორსაა ჭეშმარიტი მუსიკისგან.”

***

“ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკალური კონკურსი უმაღლესი დონისაა. ეს კონკურსი იმით არის ჩემთვის განსაკუთრებით დაუვიწყარი, რომ წლების წინ მისი მონაწილე ვიყავი და მესამე პრემია დავიმსახურე, წლების შემდეგ კი – ჟიურის წევრად მიმიწვიეს. კონკურსი ჭეშმარიტად უმაღლესი დონისაა, მაგრამ ჟიურის ქულებთან დაკავშირებით კამათი ყოველთვის შეიძლება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონკურსანტები არ უნდა გადასულიყვნენ შემდეგ ტურებში, მაგრამ მაინც გადადიოდნენ. ბევრი კონკურსანტი დარჩენილა ჟიურის შედეგებით შოკირებული. ხშირად დამსწრე საზოგადოებასაც გამოუხატავს პროტესტი ჟიურის წევრების მიმართ, როდესაც ხედავდნენ, რომ ამა თუ იმ კონკურსანტს უსამართლოდ ექცეოდნენ. ჩემი ჟიურის წევრობის დროს, თავმჯდომარე ვიტია ტრეტიაკოვი იყო. მიუხედავად მის მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემისა, არ დავეთანხმე ქულების გადანაწილებაში, დავტოვე ჟიური და დიპლომებზე ხელი არ მომიწერია.

როდესაც ჟიურიმ სცენაზე ავიდა და შედეგები გამოაცხადა, მე დარბაზში ვიყავი. დარბაზი კი სკანდირებდა “სირცხვილი ჟიურის! სირცხვილი ჟიურის!” ეს იყო საშინელება, მაგრამ მადლობა ღმერთს, მე არ ვიდექი სცენაზე და ამით ვიყავი ბედნიერი.”

***

“როდესაც საქართველოს კამერულ ორკესტრს ჩავუდექი სათავეში, გარკვეული პერიოდის შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსით ინგლოშტატში ჩავედით კონცერტით. ჩემს მუსიკოსებს ვუთხარი, “ვიქნები თქვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, მაგრამ არასოდეს ვიდირიჟორებ.” ისინი დამეთანხმდნენ, მაგრამ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ჩემი დირიჟორობა გარდაუვალი იყო და დავიწყე სპეციალური ლიტერატურის შესწავლა.
პირველ რეპეტიციაზე ორკესტრის წევრების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მათ დირიჟორად დაბადებული მიწოდეს. თბილისში კონცერტის დაწყებამდე მთელმა ორკესტრმა უარი განაცხადა სცენაზე გასვლაზე. მხოლოდ ჩემს დირიჟორის ამპლუაში გასვლას სცენაზე შეეძლო მათი გადაწყვეტილების შეცვლა. მახსოვს მაშინ მღელვარებისგან და ნერვიულობისგან ამიკანკალდა ყველაფერი, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ეს იყო კატასტროფა! მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ასეთი აკანკალებული გავედი სცენაზე მუსიკოსებთან ერთად და ვიდირიჟორე. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

მსოფლიოში როგორც დირიჟორი უფრო ვარ პოპულარული, ვიდრე როგორც მევიოლინე. აი, ასეთი საჩუქარი მაქვს ბედისგან. დირიჟორის პროფესია ურთულესია. გერმანელმა მაესტრომ ბრუნო ვალტერმა ერთხელ თქვა: “დირიჟორის მთავარი ამოცანაა ორკესტრისთვის თავისუფლების მინიჭება.” რა თქმა უნდა, ამაში ვეთანხმები მას, მაგრამ ამავე დროს საჭიროა შინაგანი კავშირი და ჰარმონია მუსიკოსებსა და დირიჟორს შორის. ამის გარეშე არაფერი გამოვა!”

***

“სოციალური ქსელის მომხმარებელი ვარ და ბევრ რამეში მადგება. ერთხელ შემომთავაზეს შემექმნა ჩემი გვერდი ფეისბუქში და იქ აღმოვაჩინე ბევრი ჩემი გენიალური მუსიკოსი მეგობარი. გარკვეული პერიროდის შემდეგ, გაჩნდა იდეა შემეკრიბა ეს მეგობრები და შეგვექმნა ორკესტრი, რომელსაც დავარქვით “ფეისბუქის ვირტუოზები”. მათ მონაწილეობა მიიღეს ჩემს მიერ დაარსებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში “ღამის სერენადები”, რომელიც ბათუმსა და თბილისში იმართება.”

***

“მიჩნეულია, რომ მამაკაცი მუსიკოსები გაცილებით წარმატებულები და აღიარებულები არიან, ვიდრე ქალბატონები. ეს იმიტომ რომ მამაკაცები კარიერის მოწყობას ესწრაფვიან, ეს მათი მთავარი მიზანია ცხოვრებაში…. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. თუ სერიოზულად ვიტყვით, ისინი უფრო ჭკვიანები და ეშმაკები არიან, ჩვენ კი უფრო სუფთები და მიამიტები ვართ.”