12 თებერვალი, 2016

გიორგი უშიკიშვილის ბრალდებას ფოლკლორის ცენტრი პასუხობს

ushika1საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მისი ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი უშიკიშვილის ბრალდებებს პასუხობს.

გიორგი უშიკიშვილმა თავისი ტრადიციული რუბრიკა გადაცემაში “სხვა შუადღე” უნიკალურ ქართულ საგანძურს – ქართულ ფოლკლორს და მის ოქროს ფონდს მიუძღვნა. ფოლკლორის ცენტრთან დაკავშირებით, გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა:

“ეს არის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, სადაც რამდენიმე წელი ვიმუშავე. ამ მუშაობის პერიოდში შევქმენით ძალიან ბევრი საარქივო ნიმუში. ფაქტობრივად, ჩემი დირექტორობის პერიოდში შეიქმნა ამ ცენტრში აუდიოარქივი. ამ ცენტრში ათასობით ნიმუშია ჩაწერილი მთელ საქართველოში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ XIX საუკუნის ოქროს ფონდი ზუსტად ამ შენობაში ინახება. სამწუხაროდ, ვერ შევალთ, რადგან არც თუ ისე სასურველი სტუმარი ვარ, აქედან გამომდინარე, მხოლოდ შორიდან მიწევს თქვენთვის ამის თქმა.”

გიორგი უშიკიშვილის განცხადებას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამოეხმაურა:

“საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ პასუხი გადაცემა „სხვა შუადღეს“:
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღეში“, გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი უშიკიშვილმა მოამზადა სიუჟეტი, რომელიც ეთერში გავიდა 2016 წლის 12 თებერვალს, სადაც ავტორმა გამოაჩინა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობა და აღნიშნა, რომ ვერ შევიდოდა ამ შენობაში, რადგან არც თუ ისე სასურველი სტუმარი იყო.

ამ განცხადების საპასუხოდ, გვსურს განვაცხადოთ, რომ:

• გიორგი უშიკიშვილისათვის არავის შეუქმნია პრობლემა ცენტრის შენობაში მოხვედრასთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ბატონი გიორგი აღარ იკავებს ცენტრის დირექტორის თანამდებობას. მას არ მოუმართავს თხოვნით, ან ოფიციალური წერილით, სადაც ითხოვდა ან შეხვედრას, ან რაიმე სახის ინფორმაციას. შესაბამისად, გიორგი უშიკიშვილის განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და ფორმალურ საფუძველს.

• თუ მსგავსი შემთხვევა იყო, როდესაც ბატონ გიორგი უშიკიშვილს შეექმნა შეფერხება ცენტრის შენობაში მოხვედრასთან დაკავშირებით, ან მას ეთქვა ოფიციალური უარი რაიმე თხოვნაზე, ვითხოვთ ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, რათა გამოსწორდეს პრობლემა.

• ცენტრის ხელმძღვანელობა და მისი თანამშრომლები მადლიერებას გამოხატავენ გიორგი უშიკიშვილის მიერ გაწეული შრომისა და მის მიერ განხორციელებული პროექტების მიმართ. ბატონი გიორგი ახლაც, საკუთარი აქტიურობით მედიაში, ძალიან ეხმარება ქართული ფოლკლორის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, რაც ასევე აღნიშვნისა და დაფასების ღირსია.

• ჩვენ გამოვხატავთ ბატონ გიორგი უშიკიშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას და მოხარულები ვიქნებით, თუ თავის საავტორო რუბრიკაში გიორგი უშიკიშვილი ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობებისა და სალოტბარო სკოლების აქტივობებსაც დაუთმობდა ყურადღებას. ამისათვის, ცენტრი მიაწვდის მას სათანადო ინფორმაციას და აღმოუჩენს ნებისმიერი სახის დახმარებას.”