12 თებერვალი, 2016

გიორგი კეკელიძე: “არ მგონია ილიას, აკაკის, ვაჟას ,,ჩამოსულობის” მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო”

1giorgi-kekelidze-chamosulebzeსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე დღის მთავარ თემას ეხმაურება და ჩამოსულების თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გიორგი კეკელიძე:

“დამპატიჟა ,,მაესტრომ” საღამოს დისკუსიაში თემაზე ,,ჩამოსულები”. არ და ვერ მივდივარ – ერთი: ამგვარ ტელე–დებატებს სულ ვერიდები და მეორეც – ამ დროს კავთისხევში ვიქნები, ბიბლიოთეკა უნდა დავაფუძნოთ. ჩემი დაპატიჟება ალბათ დილით ჩემსავე დაწერილ სტატუსს უკავშირდებოდა: ,,ცხოვრება, იმითაცაა საინტერესო, რომ ერთი მხრივ გუშინ აინშტაინის ნაწისანასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღების არსებობა დადასტურდა, მეორე მხრივ, ხალხი მთელი ღამე განიხილავდა, შეიძლება თუ არა რაიონიდან ერთი თვის ჩამოსულ ჟურნალისტს ხელში მიკროფონი ეჭიროს. საინტერესო კი იმიტომაცაა, რომ ირონიის გარეშე – ორივე თემა მნიშვნელოვანია.”

თემიდან განრიდებად რომ არ ჩამეთვალოს, აქვე დავძენ, რომ არ მგონია ,,ჩამოსულების” ამხელა რეაქცია და ილია, აკაკი, ვაჟა და სხვების ,,ჩამოსულობის” მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო. არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით და რაც მთავარია და ხშირად გამოგვრჩება – არც ის ადგილი მგონია რამეზე ნაკლები. ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: ,,თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები”.