Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიდონ კრემერი თბილისში ჩამოდის

14 თებერვალი, 2016

1gidon-kremerთანამედროვეობის ერთ-ერთი ლეგენდარული მევიოლინე გიდონ კრემერი თბილისში ჩამოდის. მუსიკოსი გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერი ნინო ნახუცრიშვილი ავრცელებს:

“ჩვენთვის და ერონული სიმფონიური ორკესტრისათვის ძალზედ დაძაბული და მტკივნეული კვირის ბოლო დღეს სასიხარულო ინფორმაციით ვიწყებთ!

22 თებერვალს ჩვენს ქალაქში გიდონ კრემერს ვუმასპინძლებთ – თანამედროვეობის ერთ-ერთ ლეგენდარულ მევიოლინეს, რომლის მიწვევითაც ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა ბერლინის ფილარმონიაში გია ყანჩელის “სევდის ანგელოზების” მსოფლიო პრემიერას უდირიჟორა. ამ ნაწარმოების შესრულება თბილისში სწორედ მაშინ დაიგეგმა და სულ რამოდენიმე დღეში რეალობად იქცევა!

თბილისურ გასტროლს გიდონ კრემერი გია ყანჩელის იუბილეს უძღვნის, მართალია ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ქართველი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ გრძელდება. ამავე კონცერტში აჟღერდება მისი უახლესი სიმფონიური ნაწარმოები “NU MU ZU”, რომელიც სიეტლის სიმფონიური ორკესტრის ინიციატივით პარიზში განხორციელებული ტერაქტის მთავარ შემოქმედებით პასუხად იქცა საერთაშორისო კლასიკური მუსიკის სამყაროში!

რაც შეეხება საკონცერტო სივრცეს, ეს საკითხი ჩვენთვის კვლავ მტკივნეულ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება, თუმცა გასულ წელს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საიუბილეო ფესტივალის 9 ჩაშლილი კონცერტისგან განსხვავებით, აღნიშნული კონცერტის გადარჩენა ამჯერად ჩვენი ქვეყნის კულტურის მინისტრისა და ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დახმარებით შევძელით. მართალია აკუსტიკური ნიჟარა თეატრში ჯერ არ არის, მაგრამ “ფილარმონიაში” მიკროფონებით დაკვრას, ბუნებრივია, ნატურალური ჟღერადობა ვამჯობინეთ.
უღრმესი მადლობა მიხეილ გიორგაძეს და დავით კინწურაშვილს! აგრეთვე დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ყოვლისგამძლე ორკესტრს!
რაც შეეხება შემდგომი კონცერტების ბედს, ეს ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო აქაც მონახავს გამოსავალს და უდარბაზობის გამო ჩაშლილი ფესტივალის კონცერტებს წელს მაინც შემოგთავაზებთ!!!

გიდონ კრემერის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკას გარდა სცენაზე ერთმანეთს შეენაცვლებიან ვიოლონჩელისტი გიედრე დირვანაუსკაიტე, გორის ბავშვთა არაჩვეულებრივი გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით და ჩვენი რეზიდენტ სოლისტი, გია ყანჩელის რჩეული ალტისტი გიორგი ცაგარელი.”