28 თებერვალი, 2016

ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხელოვნების სასახლეში

1giorgi-kalandia-da-espaneliსაქართველოს ხელოვნების სასახლეს დღეს ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო სტუმრობდა.

სტუმარმა ხელოვნების სასახლის საგანძური დაათვალიერა, გაეცნო ქართული სასცენო ხელოვნების მდიდარ ტრადიციებს. მინისტრმა აღფრთოვანება გამოხატა მუზეუმის კოლექციაში დაცული ტორეადორის უნიკალური კოსტიუმის გამო.

ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოს ასევე საშუალება ჰქონდა ენახა ხელოვნების სასახლეში ექსპონირებული თანამედროვე ესპანელი მხატვრის ავგუსტო დალმაოს ნამუშევრები, რომელიც ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების სამხედრო სამსახურს ასახავს.

მინისტრს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველმა, მხატვარმა გიორგი გეგეჭკორმა მის მიერ შესრულებული ესპანელი მონარქის კარლოს მეხუთის პორტრეტი გადასცა.

მინისტრს სასახლეში უმასპინძლეს ესპანეთის სამეფოს საპატიო კონსულმა საქართველოში მიხეილ ახვლედიანმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ირინე საგანელიძემ, მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ და ქართველმა ხელოვანმა ნინო იოსელიანმა.

ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საკუთარი შთაბეჭდილებები მუზეუმის სტუმართა წიგნში დატოვა.