Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დღეს რაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თავს ხდება…”

7 თებერვალი, 2016

1nino-naxucrishviliსაქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერი ნინო ნახუცრიშვილი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

ნინო ნახუცრიშვილი:

“დღეს რაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თავს ხდება – ეს არ არის არც პოლიტიკური განაცხადი და არც არავის მიმართ დაპირისპირების მცდელობა…

მე, როგორც საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერმა, არაერთხელ ვეცადე ცივილური ურთიერთობა დამემყარებინა და მეთანამშრომლა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მენეჯმენტთან, თუმცა მათი მხრიდან არაადეკვატური პასუხების გარდა არაფერი მიმიღია…

მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი უარი ეფუძნებოდა კომუნალური ხარჯების არქონის გამო დარბაზის არფუნქციონირებას ზამთრის პერიოდში… შევთავაზეთ, რომ ყველა ხარჯს ზამთრის მანძილზე ჩვენ გავიღებდით და თბილ დარბაზში თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ჩვენც შევძლებდით კონცერტების გამართვას, რაზეც, სამწუხაროდ, პასუხი აღარც მიმიღია… დღეს კი თებერვალია, ზამთარია და მათ კონცერტი აქვთ…

პრობლემა კი თურმე ბატონი ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფაა…

საკმაოდ დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია ვახტანგ კახიძის წერილის შესახებ და მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედაც რომ ბატონი ჯანსუღ კახიძის ხსოვნის მიმართ უდიდესი პატივისცემის გამო არ ვასაჯაროებდით, თუმცა ძალიან დავიღალეთ…

კულტურის მინისტრის – მიხეილ გიორგაძის უდიდესი ძალისხმევით წელს ჩვენს შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება, არის სამომავლო გეგმები ახალი სიმფონიური მუსიკის დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, თუმცა ყოველივე ამას საკმაოდ დიდი ფინანსები და მინიმუმ რამოდენიმე წელი სჭირდება. ჩვენ კი წინასწარ ისევ ვერაფერს დავგეგმავთ, ვერცერთ სოლისტს და დირიჟორს ვერ შევუთანხმდებით, ისევ სტრესულ და ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში ვიქნებით და ბოლო წუთამდე ვინერვიულებთ, შევძლებთ თუ არა კონცერტის გამართვას…

ამის ერთ-ერთი უმძიმესი მაგალითია ორკესტრის საიუბილეო ფესტივალის ჩაშლა, რომელიც 9 კონცერტს მოიცავდა მსოფლიო რანგის დირიჟორებისა და სოლისტების მონაწილეობით… სამწუხაროდ, მაშინ ვერცერთმა საკონცერტო დარბაზმა ვერ გვიმასპინძლა.

გაიხსნა ოპერის თეატრი და ძალიან გვახარებს, რომ მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია… თუმცა ეს არ არის სიმფონიური მუსიკის სივრცე და გარდა ამისა, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილია ძალიან ბევრი პრემიერა – როგორც საოპერო, ასევე საბალეტო დადგმები. სცენაზე ეწყობა დეკორაცია და ჩვენთვის დარბაზის დათმობა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თავისუფალი თარიღები რომც ჰქონდეთ – საჭიროა აკუსტიკური ნიჟარის დამზადება…

ყოველივე აქედან გამომდინარე – მხოლოდ ერთი კითხვა გვაქვს: ნუთუ არ იმსახურებს ევგენი მიქელაძის სახელობის 90-წლიანი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი იმას, რომ წლის მანძილზე – 365 დღის განმავლობაში, ჰქონდეს განსაზღვრული დღეები თბილისში არსებული სიმფონიური მუსიკის დარბაზში კონცერტების გასამართად მანამდე, სანამ ორკესტს საკუთარი საკონცერტო სივრცე ექნება?”