ანსამბლი “რუსთავი” მსოფლიოს ფოკუსში

1ansambli-rustaviქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” მსოფლიოს ფოკუსში მოექცა.

ფრიდონ სულაბერიძისა და ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლს ფილმში იღებენ, რომლის პრემიერაც გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და კორეაში გაიმართება. მის ნახვას მილიონობით მაყურებელი შეძლებს.

“საქართველოს ოდისეა” – ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც აქცენტი ქართულ კულტურაზე და საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე კეთდება.

ფილმზე სამხრეთკორეული არხის 8კაციანი გადამღები ჯგუფი მუშაობს. გადაღებები თბილისის ისტორიულ უბნებში, კახეთში, სვანეთში და მცხეთაში დაიგეგმა. ქართული ტრადიციები, ფოლკლორი და კულტურა – ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საქართველომ კორეას ანსამბლი “რუსთავი” და მისი შემოქმედება შესთავაზა.

ფილმის პრემიერა პირველად სამხრეთ კორეის საზოგადოებრივ მაუწყებელზე შედგება. ტელეკომპანიის ვებ გვერდზე კი საქართველოს შესახებ 15 მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი განთავსდება, სადაც აქცენტი ქართულ ღვინოზე, სუფრაზე, ღირსშესანიშნაობებზე, ფოლკლორსა და კულტურაზე გაკეთდება.