28 თებერვალი, 2016

ახალი ბრალდებები თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს

rkinis-teatri333რკინის თეატრი ქართულ თეატრალურ სამყაროში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს ბრალდებებს უყენებს.

საჯარო წერილი ბრძნული ანდაზით იწყება “ნუ იმღერებ იმაზე უფრო მაღალ ნოტაზე, ვიდრე შეგიძლია!”

“როგორც ჩანს სიბრძნე ე.წ. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს ნამდვილად სჭირდება.

ჩვენ ვადევნებდით თვალს ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევის, პრემიების გაცემა-განაწილება-გადანაწილების თემაზე აგორებულ ვნებათაღელვას და პროფესიულ ვალდებულებად ჩავთვალეთ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, როდესაც ეკრანებიდან კეთილსინდისიერებასა და პროფესიულ ეთიკაზე საუბრობთ (მიმართვა ეკუთვნის ბატონ ლაშა ჩხარტიშვილს) უნდა შეგახსენოთ თქვენ მიერ პრეზენტაციის მსვლელობისას წამოსროლილი ფრაზა „მატყუარა თეატრები“, რომლის „ნომინაციაშიც“ გაიყვანეთ თბილისისა და რეგიონის 9 თეატრი, მათ შორის „თუმანიშვილის თეატრი“, „რკინის თეატრი“ და ა.შ. (ვგულისხმობთ, მაყურებლის დასწრების რეიტინგს, რაც გახდა თქვენი ეჭვის საბაბი).

ჩვენ არ ვიცით „მატყუარა თეატრი“ რაიმე ახალი პოსტმოდერნისტული მიმდინარეობაა თუ თქვენს მიერ გამომჟღავნებული უხეირო იუმორისტული გამოხტომა, თუმცა საერთო სურათი ბადებს ეჭვს, რომ თქვენი ე.წ კვლევის ცენტი სტატისტიკური მონაცემების ანალიზში აშკარად მოიკოჭლებს, რომ არაფერი ვთქვათ პრემიების გადანაწილება-გადმონაწილებაზე.

„რკინის თეატრი“ მზადაა წარმოადგინოს წერილობითი მტკიცებულებები ნებისმიერი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომლებიც თქვენ ფაქტების სახით სტატისტიკის შესადგენად გადმოგეცათ.

და ბოლოს, „რკინის თეატრმა“ გამომდინარე სტატისტიკური კვლევების პოპულარობიდან, აწარმოა თვისებრივი კვლევა, რომლის შედეგად მიღებული მასალის ანალიზი უფრო მეტად შემოქმედებითია, ვიდრე თქვენი რაოდენობრივი კვლევა (რომლის საშუალებითაც უკვე თამამად შეგიძლიათ მოსახლეობის აღწერაზეც გადახვიდეთ, სამომავლოდ).

კვლევის შედეგად, თქვენს მიერ ჩატარებული ცენტრის საქმიანობა შეფასებული იქნა Zero – 0.

პ.ს გთხოვთ, იქნებ სერტიფიკატების წასაღებად მაინც მობრძანდეთ ახალ თეატრალურ სივრცეში – „რკინის თეატრში“. გაცნობებთ, თეატრი მდებარეობს ბუდაპეშტის პირველ ნომერში (პეკინისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთაზე).”