28 თებერვალი, 2016

წერილი, რომელიც ყველაზე ძვირფასია

1werili123ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ფასეულობებია მნიშვნელოვანი, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება, რომ არსებობს ფასეულობები, რომლებიც ყველა ასაკში უძვირფასესია ადამიანისთვის. დედა-შვილობა სწორედ ისაა, რაც ნამდვილად ფასდაუდებელია.

“არტინფო” გთავაზობთ წერილს, რომელიც ყველაზე ძვირფასია:

“შვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო.
თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე, იყავი მომთმენი, გაიხსენე, რამდენი ხანი დამჭირდა, რომ თავის დროზე შენთვის იგივე მესწავლებინა.

თუ ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ მშვიდად დაგძინებოდა.

როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში, ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე – როგორ გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებთან.

თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს უაზროს გავხდი, მაცადე რამდენიმე წუთი, გავიხსენებ და თუ არ გამახსენდა, ნუ იდარდებ, მთავარი არაა რას გელაპარაკები, მთავარი ის არის, რომ შენთან ვარ და შემიძლია გელაპარაკო.

თუ მადა გამიქრება, ნუ დამაძალებ ჭამას, მე თვითონაც ვიცი, როდის მაქვს მადა და როდის უნდა ვჭამო. თუ ფეხები გამიჩერდება და ჩემი კიდურები არ დამემორჩილებიან, გამომიწოდე ხელი, მომაშველე ისევე, როგორც მე გაშველებდი ხელს, როდესაც შენ პირველ ნაბიჯებს დგამდი.

თუ ერთხელაც გეტყვი, რომ არ მინდა ცხოვრება და სიკვდილს ვინატრებ, ნუ გაბრაზდები, ოდესმე გამიგებ ამას.

ჩემი სიბერის შემყურე ნუ იდარდებ, ნუ გაბრაზდები, ნუ იგრძნობ თავს უძლურად. იყავი ჩემს გვერდით, შეეცადე გამიგო და დამეხმარო, როგორც მე გეხმარებოდი, როცა იწყებდი ცხოვრებას. დამეხმარე, რომ გავაგრძელო გზა…

დამეხმარე, რომ წავიდე სიყვარულით და მოთმინებით. ამისათვის, მე მოგიძღვნი ღიმილს და უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც არასდროს ჩაქრება.”