24 თებერვალი, 2016

რას აპროტესტებს რუსთაველის თეატრი?

1rustavelis-teatriრუსთაველის თეატრი მათი ისტორიისა და დასის გარშემო არსებულ ბუნდოვან საკითხებს ასაჯაროვებს და მათთვის გაუგებარ საკითხებში გარკვევას ითხოვს:

“ნებისმიერი კრიტიკა დიდი დახმარებაა ჭეშმარიტი ხელოვანისთვის. ოღონდ კრიტიკა, თავისთავად ცხადია, დასაბუთებული უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ ბოლო ხანებში იშვიათად ნახავთ კარგ, საქმიან რეცენზიას. ხშირ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული თეატრმცოდნენი სპექტაკლის სიუჟეტს გვიყვებიან და არაფერია ნათქვამი თავად სპექტაკლის ღირსებასა თუ ნაკლზე. იქნებ ამ თეატრმცოდნეებს სწორად ვერ გაუგიათ თავიანთი პროფესიის არსი, ანდა იქნებ პროფესიონალიზმი აკლიათ?

მაგალითისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 2014 წელს გამოსცა წიგნი “თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში – ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა 2011-2013 წწ.” ამ კრებულში რუსთაველის თეატრის ისტორიაცაა, ოღონდ რატომღაც აქ სანდრო ახმეტელი ნახსენებიც კი არ არის. ამ წიგნში დაშვებულ სხვა შეცდომებზე აღარაფერს ვამბობთ. თეატრმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი თავის მონოგრაფიაში “მეფე ლირის” სცენური ინტერპრეტაციის საკითხები ევროპულ და ქართულ თეატრში” წერს, რომ სტურუას “მეფე ლირის” ჩვენება “პროფკავშირების სახლში” 1982 წელს გაიმართა და იმოწმებს ბატონ ნოდარ გურაბანიძის წერილს “ნუთუ ადამიანი სულ ეს არის?”, შემდგომ სწორედ ამ თარიღზე აგებს თავის მსჯელობას. მაგრამ, ბატონი ნოდარი თავის წერილში არ საუბრობს დასრულებულ სპექტაკლზე. იგი წერს: “უკვე დასრულებული ზოგიერთი სცენის რეპეტიციებსაც დავსწრებივარ…” სპექტაკლში კი, რომლის პრემიერაც 1987 წელს გაიმართა “… მხოლოდ ერთი სცენა დატოვა რ. სტურუამ თითქმის უცვლელად, დანარჩენი ან მთლიანად უარყო ან ძირფესვიანად გადაამუშავა.”

ცოტა გაუგებარია ის კვლევებიც, რომელსაც ბოლო წლებია აქვეყნებს “თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი”. გაუგებარია, რა პრინციპით ტარდება ეს კვლევები? გაუგებარია რას ემსახურება ეს სტატისტიკა? იქნებ ჯერ გენახათ სპექტაკლები, რომლებიც საკონკურსოდ აგირჩევიათ? ცოტა უხერხული ხომ არ არის, პირდაპირ ეთერში თავადვე რომ აცხადებთ, სპექტაკლთა უმრავლესობა ნანახი არ გვქონდაო, თან თავსაც იმართლებთ, რომ 217 სპექტაკლის ნახვა შეუძლებელია? ამის შემდეგ, განა აქვს ფასი ამ კვლევის შედეგებს? ანდა, რატომ გადაწყვიტეს მამაცხონებულებმა, რომ მათი აზრი ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანციაა – ცოდნით, ზნეობით, თეატრის მიმართ სიყვარულით თუ ელემენტარული ზრდილობის გამო? ვიღაცას უთქვამს, – ასეთი რეცენზიის, ასეთი ცინიზმით, შეურაცხყოფით გაჟღენთილი ოპუსების შემდეგ, თეატრის ერთგულ ჯარისკაცს ერთი რამ დარჩენია – სასიკვდილო დუელში გამოიწვიოს უნაყოფო მოღვაწეობით გაბოროტებული არსება.

და ბოლოს:

არ დაგავიწყდეთ, კრიტიკა ლიტერატურის ჟანრია ანუ ხელოვნებას უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ საზომით თუ მივუდექით ქართული თეატრის “ქურუმებს” ქვიშანიღა შეგვრჩება ხელში.

P.S. თეატრალურ საზოგადოებასა და კომპანია “რედიქსს” (ეჭვი არ გვეპარება, რომ მათ გულწრფელად უყვართ ქართული თეატრი და ჯილდოების დაწესებაც ამის შესანიშნავი დადასტურებაა) ვურჩევთ, იქნებ შეეცადოთ და ჟიურის დაკომპლექტებისას ამ დარგში ცოტა უფრო კომპეტენტური ადამიანები შეარჩიოთ.

ქ.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი”