25 თებერვალი, 2016

ნინო ანანიაშვილი მოსკოვში

1nina_ananiashviliქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი მოსკოვშია. მოცეკვავე რუსეთის დედაქალაქს განსაკუთრებული მისიით სტუმრობს.

ნინო ანანიაშვილი მოსკოვის დიდ თეატრში მისი პედაგოგის, რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის რეჟისურაზე მუშაობს. რაისა სრტუჩკოვა ათეულობით წლების განმავლობაში ცეკვავდა დიდი თეატრის სცენაზე და სიმბოლურია, რომ მისი იუბილე სწორედ ამ თეატრის სცენაზე აღინიშნება.

კონცერტის რეჟისურაზე მუშაობა ნინო ანანიაშვილის მხრიდან მადლიერების გამოხატულებაა პედაგოგისადმი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ქართველ მოცეკვავეს საბალეტო ხელოვნების დახვეწაში ეხმარებოდა.

“ის ჩემი მეორე დედა იყო. მას რუს დედასაც ვეძახდი. რაისა სტრუჩკოვამ არაერთი თაობა აღზარდა, რომლებიც დღეს მსოფლიოს საბალეტო დასებში წარმატებით ცეკვავენ”, – აცხადებს ნინო ანანიაშვილი.

საიუბილეო კონცერტში ღვაწლმოსილი პედაგოგის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას და რაისა სტრუჩკოვას საყვარელ ბალეტში “დონ კიხოტში” იცეკვებენ. მოსკოვში იმყოფება ქართული საბალეტო დასის ნაწილიც. ისინი შეკრებილი საზოგადოებისთვის “საგალობელს” წარმოადგენენ. მოცეკვავეებთან ერთად, სცენაზე წარსდგება თავად ნინო ანანიაშვილიც, რომელიც მეორე განყოფილებაში ბალეტში “ლეა” იცეკვებს.