17 თებერვალი, 2016

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი სკანდალში გაეხვია

teatri8თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი სკანდალში გაეხვია. ცენტრმა ყოველწლიური შემაჯამებელი კვლევა გამოაქვეყნა და 9 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეულები დაასახელა.

სწორედ ეს კვლევა გახდა საბაბი მთელი რიგი ბრალდებებისა, რომელიც ცენტრს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრმა წაუყენა:

“პირველ რიგში, უზარმაზარი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ ჩატარებული კვლევისთვის, რომელსაც თქვენი ცენტრი ყოველწლიურად ატარებს. ვფიქრობთ, რომ, აღნიშნული სტატისტიკა ნამდვილად ეხმარება ქართული თეატრის განვითარებას და დღევანდელობის გარკვეულ სურათს ქმნის. რაც შეეხება მის მეორე ნაწილს, (ხუთეულების დასახელებას) გარკვეულ ეჭვებს და კითხვებს ბადებს. ალბათ ძალიან არ შეგაწყენთ თავს, თუ ზოგიერთ მათგანს უბრალოდ გაგაცნობთ:

1. თქვენ ალბათ გაწაფული ხართ თვლაში, ვინაიდან სტატისტიკას თვლა სჭირდება. იქნებ გვიპასუხოთ – რომელ ასაკამდე ითვლება მსახიობი ახალგაზრდად?
ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ჩვენი თეატრისთვის ბუბა გოგორიშვილი ის საკითხია, რომელზეც ყველგან ვიდავებთ, მეტიც, ვფიქრობთ, რომ მის მიერ განხორციელებული „მედეას“ სახე ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო წლების ქართული თეატრის ნამუშევრებში. სრული შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხუთეულში მისთვის ადგილი უბრალოდ არ მოიძებნა, რადგან აღნიშნულმა ჟიურიმ ვერ შეძლო მიუკერძოებელი ყოფილიყო. ამ გაურკვევლობიდანაც მალევე გამოხვიდოდით ( გვესმის, რომ თქვენთვის ძნელია „ზევსებთან“ ჭიდილი) თუ მის ასაკს გადაამოწმებდით. იქნებ გვიპასუხოთ: 1980 წელს დაბადებული ია სუხიტაშვილი უფრო ახალგაზრდაა თუ 1980 წელს დაბადებული ბუბა გოგორიშვილი? ( ერთი კილო ოქრო უფრო მძიმეა თუ ერთი კილო ოქრო?)

2. აღნიშნული ჟიურის შემადგენლობა თითქმის იმეორებს 2015 წლის „დურუჯის“ შეამადგენლობას (ლაშა ჩხარტიშვილი, ნიკა წულუკიძე, გურამ ბათიაშვილი, მაკა ვასაძე). თუ მეხსიერება არ გვღალატობს, „დურუჯზე“ ვანო იანთბელიძე გახდა საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, რომელიც ამჯერად აღნიშნულ ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა. იქნებ აგვიხსნათ, მაშინ ცრუობდით, თუ ახლა?…

3. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დასახელდა რეჟისურაში მხოლოდ ოთხეული, მაშინ, როდესაც ყველა ნომინაციაში ხუთეულია გამოვლენილი. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ალბათ ტექნიკური შეცდომაა და მეხუთე ნომინანტად გულისხმობდით მიხეილ ჩარკვიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ გავიგოთ თქვენი ჟიურის წევრის (დავით ბუხრიკიძე) მიერ სულ ცოტა ხნის წინ, მისი „წინანდლის პრემიით“ დაჯილდოვება?! ან მაშინ იტყუებოდით ან ახლა… იქნებ გვიპასუხოთ, როდის ცრუობდით?

4. თეტარი მადლობას გიხდით „ახალბედა“ მსახიობის – კახა კინწურაშვილის დაფასებისთვის, რომ კვლავ ლეონარდო დი კაპრიოს ბედს არ აზიარეთ და აღიარეთ მის მიერ შესრულებული იაზონის სახე მიხეილ ჩარკვიანის (რომელიც გვჯერა, რომ უბრალოდ გამოგრჩათ) სპექტაკლში „მედეა”.
კითხვები კიდევ მრავლადაა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენც არ დავიღალოთ და თქვენც არ დაგღალოთ, უბრალოდ მოვითხოვთ: აღნიშნული სახის მიკერძოებულ, სუბიექტურ, მეგობრულ, ძმაკაცურ და ა.შ. „ხუთეულებში“ ჩვენი თეატრი აღარასოდეს გაითვალისწინოთ.

P.S. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში აღნიშნული მდგომარეობა ოდესმე გამოსწორდება, ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი თეატრმცოდნეები (ყველას არ ვგულისხმობთ) გაითავისებენ თავის დანიშნულებას, მიხვდებიან, რომ უნდა იყვნენ გულწრფელები და ხარკი არ უხადონ იმას, რისიც ხვალ თავადვე შერცხვებათ!. ჩვენის მხრივ, პირობას გაძლევთ, რომ სიტუაციის გამოსწორებისთანავე ჩავებმებით ობიექტურ, მიუკერძოებელ და ჯანსაღ კონკურენციაში.

P.S. იარეთ თეატრში და გიყვარდეთ თეატრი!