10 თებერვალი, 2016

ვახტანგ კახიძე დუმილს არღვევს

1vaxtang-kaxidzeჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე დუმილს არღვევს. ბოლო დღეებში ვახტანგ კახიძის და ნიკოლოზ რაჭველის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ურთიერთბრალდებების და კომპრომატების დაუსრულებელმა კასკადმა საზოგადოება გაურკვევლობაში ჩააგდო.

ვახტანგ კახიძემ საბოლოოდ გადაწყვიტა ყველა იმ ბრალდებისთვის პასუხის გაცემა, რომელიც მისი მისამართით ბოლო პერიოდში გავრცელდა.

ვახტანგ კახიძე:

“არასდროს ამ თემაზე არ მისაუბრია. გადავწვიტე ვუპასუხო უამრავ ცილისწამებას, არასწორ მიმართულებას, რაც გავრცელდა ფეისბუქში და სხვადასხვა არხებზე. დაველოდე რა იქნებოდა პრეტენზიად წამოყენებული და გამოვიდა ის, რომ პარასკევს მივიდნენ მალერის დასაკრავად, შაბათ-კვირას არ გამოსულან ფეისბუქიდან, ორშაბათს ყველა ტელევიზია მივიდა და აჩვენეს რეპეტიცია და მერე ნერვებდაგლეჯილი ნიკა მემანიშვილი დაჯდა და წავიდა ლონდონში “და საწყალი აგერ გორავსა”, ძალიან ლამაზი ისტორია გამოდის. ეს თუ დაგეგმილი არ არის, ჩემთვის გაუგებარია…

ეს ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როდესაც კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა ეროვნული მუსიკალური ცენტრის სერიოზული შემოწმება მისი შემოქმედებითი მუშაობის თუ ფინანსური საქმიანობის. შეიქმნა დიდი კომისია, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ხალხისგან ამ თემების მიხედვით. ერთ-ერთი საკითხი იდგა ნიკოლოზ რაჭველის შესაბამისობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან და პროფესიასთან. არაერთ პროფესიონალ დირიჟორს სთხოვეს ამაზე თავისი დასკვნის გამოთქმა წერილობით. მათ შორის, მეც. მე ეს გავაკეთე, ისევე როგორც ეს გააკეთეს სხვა დირიჟორებმა. რამდენიმე დირიჟორი მეთანხმებოდა და ჩემს წერილს მოაწერეს ხელი, იმიტომ რომ აღარ ჩათვალეს საჭიროდ კიდევ თავისი წერილი დაეწერათ. არც ერთი დასკვნა არ ყოფილა დადებითი. ეს ყველაფერი ჩაბარდა კომისიას, პარალელურად დაიდო ფინანსური გამოკვლევები, როგორც ვიცი, იქაც ბევრი დარღვევები იყო და საბოლოოდ შეიკრა ერთ დასკვნად. ვისაც ეს აინტერესებს, ყველაფერი არის კულტურის სამინისტროში. ამის იქით საქმე არ წასულა.

იმავე წელს, რამდენიმე თვის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ მომწერა წერილი ლექსო თორაძის კონცერტთან დაკავშირებით და იმ არგუმენტაციაში, რატომაც უარი ვუთხარი, ციტატად მოვიყვანე ჩემს მიერ დაწერილი წერილი. ეს არის მთელი ისტორია, წერილებს რაც შეეხება.

იმ ფორმით, როგორც ეს გაკეთდა ფეისბუქზე, ამოღებული იყო ნაგლეჯ-ნაგლეჯ ფრაზები “უნიჭო” და ა.შ. რაც არ წერია იმ წერილში. ნიკა მემანიშვილზე არასდროს მითქვამს, რომ არის უნიჭო. ზოგადად უნიჭო ქართველი არ მინახავს. მთავარია ნიჭიერება მიმართული იყოს ზუსტად იმ საქმისთვის, რომელიც ხელგეწიფება. ადამიანმა უნდა იპოვნოს ის, რაშიც არის ნიჭიერი. არასდროს არ მითქვამს, რომ უნიჭოა. ჩემი წერილი შეეხება დირიჟორის პროფესიისათვის აუცილებელ თვისებებს და მიმაჩნია, რომ არც ერთი ეს თვისება მას არ აქვს. მათ შორის, დირიჟორის ნიჭიც. ყველა სიტყვას ვაწერ ხელს და ვიმეორებ. ეს ჩემი აზრია, ამაზე შემიძლია ვისთანაც გინდათ, ვიკამათო და ვამტკიცო, რატომ ვამბობ ამას. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ბავშვობიდან მქონდა საშუალება, დავკვირვებოდი ამას. ერთ-ერთ რეპორტაჟში იყო ასეთი ფრაზა, “ჯანსუღ კახიძე რატომ თვლიდა რომ ასეთი ტალანტი არსებობს და რა დაემართა ამ ტალანტს და დღეს რა ხდება.” მარტივი რაღაცა დაემართა, არ განვითარდა, ან განვითარდა არასწორად. ეს მამაჩემმა იცოდა თავის სიცოცხლეშივე და ძალიან წუხდა ამის გამო, – განაცხადა ვახტანგ კახიძემ თამარ ჩიქოვანთან გადაცემაში ”მთავარი” სტუმრობისას.

 

Posted by Djansug Kakhidze Tbilisi center for Music and Culture on Wednesday, 10 February 2016