26 თებერვალი, 2016

აჭის ულამაზეს ხეობას საფრთხე ემუქრება!

1achis-xeobaლიხაურში მდებარე აჭის ულამაზეს ხეობას საფრთხე ემუქრება. ინფორმაციას გიორგი სარიშვილი ავრცელებს და იმ მზაკვრულ გეგმას ასაჯაროვებს, რომლითაც თემურის წყაროს, დევის ქვას და ხეობაში არსებულ ულამაზეს კლდეებს აფეთქებას უპირებენ.

გიორგი სარიშვილი:

“მოგმართავთ ყველას, ვისაც ლიხაური გიყვართ!

აჭის ულამაზეს ხეობას საფრთხე ემუქრება!

ვიღაცას „გენიალური აზრი“ ესტუმრა – დევის ქვაზე ქვის კარიერის გაკეთება და, შესაბამისად, ბეეევრი ფულის გაკეთება!

როგორც ამ „გენიალური აზრის“ ავტორისგან გავიგეთ, ყველგან, ყველა ინსტანციაში საქმე მოგვარებულია, ან როგორც მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძე იტყოდა, „გაიმასქნებულია“ , მხოლოდ სოფლის დასტურია საჭირო და, ჰერი, ბიჭო! შეესევიან აჭის ხეობას – თემურის წყაროს, დევის ქვას! ააოხრებენ და ააქოთებენ იქაურობას ბაზალტის მოსაპოვებლად! სავალი გზიდან სულ რაღაც 30 მეტრში!

გარდა იმისა, რომ წყარო დაშრება, კლდე ჩამოინგრევა და გზა გაფუჭდება, სამუდამოდ დამახინჯდება და შეიცვლება აჭის ხეობა, მდინარის კალაპოტი!

როგორც ვიცი, კლდე აფეთქებებით უნდა დაშალონ!

აჭის ხეობაში კი მე-8 საუკუნის ძეგლი, წმ. გიორგის სახელობის ტაძარი დგას, რომელშიც ძლევამოსილის მიერ გველეშაპის დამარცხების უნიკალური ფრესკაა დაცული.

თუმცა, ეჭვი მეპარება „გენიალური აზრის“ ავტორებმა ამის შესახებ რამე იცოდნენ!

ჰოდა, თუ არ იციან, ჩვენ ვაფრთხილებთ მათ, აჭის ხეობასთან მიკარება არ გაბედონ! ნურც გარემოს დაცვის სამინისტრო ან სხვა უწყება შეიწუხებს თავს ჩვენი დამშვიდებით, აქაოდა, საშიში არაფერიაო, ჩვენც გაგვეგება რაღაც და უკეთესად ვიცით, რა არის სასარგებლო ლიხაურისათვის და რა – საზიანო.

„ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები!” ვერც 21-ე საუკუნის დამანგრეველები გაბედავენ რამეს!

აჭის ეკლესიაში ორასი წელი სწირავდნენ ჩემი წინაპრები, თაყაიშვილები და კონტრიძეები!

ფრთხილად, ბატონებო, მე მათ ნაკვალევს არავის წავაშლევინებ!

ჩემთან კი მთელი სოფელი დგას!”